ფერმერებს საზამთროს და ნესვის მოსავლის რეალიზაცია უჭირთ
კახეთის რეგიონში მცხოვრები ფერმერთა ნაწილი შემცირებულ მოსავალსა და ხილის რეალიზაციის პრობლემებზე საუბრობენ.
მათი ინფორმაციით, ხშირმა ნალექმა მოსავალი დააზიანა და სიმცირის მიუხედავად, რეალიზაციას მაინც ვერ ახერხებენ. მათივე თქმით, კილოგრამის ფასი გასულ წლებთან შედარებით დაბალია. ფერმერების განცხადებით, მეორე პრობლემაა ის რომ ადგილობრივი წარმოება იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევს.
,,წელს საზამთროს და ნესვის მოსავალი შემცირებულია. გაზაფხულზე ფაქტობრივად, სულ წვიმდა. მიუხედავად მცირე მოსავლისა, რეალიზაციის პრობლემა მაინც გვაქვს. ზოგს არ აქვს საშუალება, რომ თბილისში წაიღოს და იქ გაყიდოს. თურქეთიდან შემოტანილი უფრო იყიდება, ვიდრე ჩვენი მოყვანილი”, – ამბობს თაზო პარწიკანაშვილი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერები აცხადებენ, რომ ზაფხულისთვის დაახლოებით 100 ტონამდე ნესვი და 50 ტონამდე საზამთრო მოიყვანეს.
,,ისეთი ხილია, მაქსიმუმ ერთი კვირა შეინახოს და ამ პერიოდში თუ არ გაიყიდა, ბაღშივე დალპება. ძალიან მცირე რაოდენობით ვყიდით, ყოველ წელს პრობლემაა ჩვენი მოყვანილი ხილის რეალიზაცია. ხომ შეიძლება მთავრობა დაგვეხმაროს და ხელი შეგვიწყოს?” – აცხადებს ნუგო ირემაძე.
კახეთში საზამთროსა და ნესვის მოსავალი ძირითადად ყვარლის, ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მოჰყავთ.
საქსტატის მიხედვით, იანვარ-მაისში ქვეყანაში საზამთროს იმპორტის ღირებულება 90.7%-ით 849.7 ათას დოლარამდე, მოცულობა კი 0.6%-ით 2 811 ტონამდეა გაზრდილი.
წინა წლის მსგავსად, 2023 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში საქართველოში საზამთროს იმპორტი სამი ქვეყნიდან ირანიდან, თურქეთიდან და ნიდერლანდებიდან ხორციელდება.