რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვების შემდეგ ხორბალი მკვეთრად ძვირდება
რუსეთის მიერ უკრაინიდან შავი ზღვის გავლით ექსპორტისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მარცვლეულის შეთანხმების დატოვებამ მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებისადმი კვლავ ეჭვები გააჩინა.
შეთანხმება, რომელიც თურქეთისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთობლივი შუამავლობით იქნა მიღწეული გასული წლის ივლისში, იშვიათი დიპლომატიური მიღწევა და მსოფლიო სასურსათო კრიზისი თავიდან არიდებისკენ იყო მიმართული.
შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა რამდენჯერმე განახლდა მოკლე ვადებით რუსეთის უკმაყოფილების გამო იმ შეზღუდვებზე, რომელიც მას მარცვლეულისა და სასუქის გადაზიდვას უზღუდავს. ახლა კი გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე საათში რუსეთმა განაცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას აღარ შეუერთდებოდა.
შეთანხმების შეჩერების შემდეგ საერთაშორისო ბაზარზე ფასების მატება დაიწყო. ხორბალთან ერთად, გაიზარდა სიმინდისა და სოიოს ღირებულებაც. 17 ივლისის შემდეგ ხორბლის ფასმა 8%-ით მოიმატა და დღეისთვის ერთი ბუშელის ღირებულება 697 აშშ დოლარია.
უნდა ითქვას ისიც, რომ, ჯერჯერობით, ხორბლის ფასი ყველა დროის პიკთან, 1,348 დოლართან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია. ფასები მკვეთრად გაიზარდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე კვირაში, თუმცა, ვითარების სტაბილიზების შემდეგ ღირებულებამაც დაიკლო.
CNBC-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების შეჩერება ფასების ზრდას იწვევს, ახლო მომავალში მას სასურსათო ინფლაციაზე მკვეთრი გავლენა არ ექნება. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რუსეთის მიერ ხორბლის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაზეც, მაგალითად, გაზრდის თუ არა ვლადიმერ პუტინი ხორბლის საექსპორტო გადასახადს.
ცნობისთვის, გაეროს მონაცემებით, მარცვლეულის შეთანხმებამ უკრაინას საშუალება მისცა, 32 მილიონი ტონა სურსათი გაეტანა ექსპორტზე მსოფლიოს 45 ქვეყანაში.