ახალი ამბები

საქართველოში, 1 თვეში, სასტუმროები 6.3%-ით გაძვირდა – PMC

2023 წლის ივნისში, მაისთან შედარებით, საქართველოში სასტუმროები 6.3%-ით გაძვირდა.

PMC კვლევითი ცენტრის მიმოხილვის თანახმად, 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.8%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 0.9%-ით შემცირდა.

ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, სასტუმროები 4.7%-ითაა გაძვირებული, მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსმა 3.6%-ით მოიმატა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასებმა 0.8%-ით დაიკლო.

აღსანიშნავია, რომ წინა თვეში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 186 ლარი იყო, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი – 262 ლარი, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი – 133 ლარი.

PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა ივნისში 485 ლარი შეადგინა. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 646 ლარი იყო, კახეთში – 556 ლარი, აჭარაში – 516 ლარი, თბილისში კი – 512 ლარი.