რა ეტაპზეა გომბორის გზის რეაბილიტაციის პროექტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, გომბორის გზის რეაბილიტაციის პროექტის დასრულება 2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება.
ამ დროისთვის დასრულებულია სამუშაოების გარკვეული ნაწილი. მათი თქმით, გომბორის გზის რეაბილიტაციის პროექტი, თავის მხრივ, ორი უმნიშვნელოვანესი პრობლემის ერთობლივ გადაწყვეტას წარმოადგენს.
„აქ მიმდინარეობს როგორც მეწყრული მონაკვეთების პრევენციის ღონისძიებები, ისე რეაბილიტაცია და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი 33 კმ-იანია, რომელზეც დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 6 ხიდს, მოეწყობა ახალი წყალგამტარი მილები და რკინაბეტონის ქვედა და ზედა საყრდენი კედელი. ასევე, შეკეთდება ტროტუარი, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი და ავტო პავილიონი. ამჟამად დასრულებულია სამუშაოები გზის ყველაზე კრიტიკულ მონაკვეთზე. დასრულდა ხელოვნური ნაგებობების მოწყობა და დაწყებულია საფარის გამოცვლისა და მოწყობის სამუშაოები, 4 კმ-მდე მონაკვეთზე დაგებულია ახალი საფარი. გადაადგილების და შეფერხებების მაქსიმალურად შესამცირებლად, 33 კმ-იან გზაზე სამუშაოები წარმოებს სექციურად. პერიოდულად, წესდება გზაზე გადაადგილების დროებითი რეჟიმები სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე. იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული სამუშაოები და მათ შორის, ასფალტის დაგება, მხოლოდ ზაფხულის და შემოდგომის სეზონზეა შესაძლებელი, სამუშაოების დასრულება 2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება.
რაც შეეხება თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 2 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის ღირებულება 2.5 მლნ ლარია, ამ მონაკვეთზე წყალმომარაგების ახალი სისტემის მშენებლობა მიმდინარეობდა. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. უსაფრთხოების მიზნით, აუცილებელი გახდა გზის 2 კმ-იან მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობის დროებით დაკეტვა და ალტერნატიულ მიმართულებაზე გადართვა.
პროექტი დასრულების ეტაპზეა. უკვე მოეწყო სანიაღვრეები, ხელოვნური ნაგებობები და უახლოეს დღეებში დაიწყება ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები. პროექტი სექტემბერში დასრულდება”,-საავტომობილო გზების დეპარტამენტში.