ალკოჰოლის რუსი იმპორტიორები საიმპორტო გადასახადის გაზრდას მხოლოდ ქართულ ღვინოებზე მოითხოვენ
ალკოჰოლის მსხვილი რუსი იმპორტიორები მთავრობისგან საიმპორტო გადასახადის გაზრდას მხოლოდ ქართულ ღვინოებზე მოითხოვენ, ხოლო ევროპულ ღვინოებზე ამ გადასახადის გაზრდას ეწინააღმდეგებიან. შესაბამისი წერილით რუსმა იმპორტიორებმა ფედერაციის მთავრობას მიმართეს.
ინფორმაციას „კომერსანტი” წერილის შინაარსის მცოდნე წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამჟამად რუსეთის შიდა ბაზარზე იმპორტირებულ ღვინოზე გადასახადი 12,5%-ს შეადგენს. თუმცა ხელისუფლება გადასახადის გაზრდას განიხილავს, რის მიზეზადაც ადგილობრივი მწარმოებლების სტიმულირებას ასახელებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ალექსეი საზანოვის ცნობით, გადაწყვეტილება შესაძლოა, ორი თვის განმავლობაში იქნეს მიღებული.
მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, რომ გადასახადების ზრდა რუსული ღვინის გაყიდვების ზრდას არ გამოიწვევს, რომლის წარმოებაც ვენახების ფართობების გამო შეზღუდულია, სანაცვლოდ კი მწარმოებლებს ფასების ზრდისკენ წაახალისებს. იმპორტიორების შეფასებით, უმჯობესია, გადასახადის ზრდა მხოლოდ ქართულ ღვინოებს შეეხოს, რადგან ისინი ნულოვანი საიმპორტო ბაჟით სარგებლობენ.
„რუსული ღვინის მთავარი კონკურენტები სწორედ ქართული ღვინოებია და მათზე ნულოვანი გადასახადის 12,5%-მდე გაზრდა სამართლიან საბაზრო პირობებს შექმნის, ასევე, ბიუჯეტში დამატებით შემოსავალს უზრუნველყოფს,” – წერენ მიმართვის ავტორები.
ღვინის სავაჭრო კომპანია Fort-ის შეფასებით, მთავრობის ინიციატივამ შესაძლოა, კონკურენციის არარსებობის გამო ადგილობრივი ღვინის ხარისხი გააუარესოს, ასევე, მომხმარებლების სხვა სახის ალკოჰოლზე გადასვლა გამოიწვიოს.
რუსეთის მევენახეებისა და მეღვინეთა ასოციაციის მონაცემებით, იმპორტირებული ღვინის საცალო ფასში საბაჟო გადასახადის წილი 7%-დან 13%-მდე მერყეობს, ამიტომ გადასახადის შესაძლო ზრდა ღვინოზე ფასების 10%-ით გაძვირებას გამოიწვევს.
„როსკაჩესტვოს“ გამოცემა, „რუსეთის ღვინის გზამკვლევი” ივნისში წერდა, რომ შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ღვინოების მიმართ ინტერესის შემცირების ფონზე, მეზობელი საქართველოდან ნატურალური ღვინოების გაყიდვები ყოველწლიურად 20%-ზე მეტად იზრდება. უწყების ცნობით, საცალო ვაჭრობაში სწორედ ქართული ღვინოები უწევს კონკურენციას რუსულ საშუალოფასიანი კატეგორიის ღვინოებს.
ცნობისთვის: საქართველო რუსეთში ღვინის პირველი იმპორტიორი ქვეყანა გახდა. ფედერალური საბაჟო სამსახურის ბოლო მონაცემებით, იანვარ-მაისის პერიოდში საქართველომ რუსეთში ღვინის მიწოდებით იტალიას გაუსწრო და პირველ ადგილზე გავიდა. კერძოდ, საქართველოდან რუსეთში 24,15 მლნ ლიტრი, იტალიიდან კი 23,36 მლნ ლიტრი ნატურალური ღვინო შევიდა. საქართველოდან წლიური იმპორტი 63%-ით, ხოლო იტალიიდან 31%-ით გაიზარდა. შედეგად, რუსეთში ღვინოების მიწოდებაში საქართველოს წილმა მოცულობით 19,1%-ს, იტალიის წილმა კი 18,5%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ანუ იანვარ-მარტში საქართველო იმპორტის ლიდერ იტალიას ჯერ ვერ უსწრებდა, თუმცა მიმწოდებელ ქვეყნებს შორის ესპანეთს გადაუსწრო და მეორე ადგილზე გავიდა.