ევროპარლამენტარები – სასწრაფოდ მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოში
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაჩქარებული გაუარესების გათვალისწინებით, სასწრაფოდ მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ერთადერთ თანამგრძნობ, მორალურად სამართლიან და ქმედით გადაწყვეტილებას: ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოში, სადაც ის შეძლებს მიიღოს საჭირო და შესაბამისი სამედიცინო დახმარება, – ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს 44 ევროპარლამენტარი აწერს და რომლის ადრესატები საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი არიან.
„ჩვენ, ევროპარლამენტის ქვემორე ხელმომწერი წევრები, ვწერთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეძრწუნება და შეშფოთება შემაშფოთებელი ვიზუალური მტკიცებულებების გამო, რომელიც ინტერნეტ სასამართლო სხდომიდან გავრცელდა და რომელიც ცალსახად ასახავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფ და მძიმე გაუარესებას. აშკარაა, რომ ბატონი სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა ღრმად შემაშფოთებელია, მძიმე შედეგებისა და ადამიანის სიცოცხლის დაკარგვის პოტენციალით.
მტკიცედ გვჯერა, ბატონი სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობა აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ მისი ამჟამინდელი სამედიცინო ღონისძიებები არც უზრუნველყოფს და არც ხელს უწყობს მის სწრაფ გამოჯანმრთელებას. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაუდებელი ზომები იქნას მიღებული ამ სიტუაციის სასწრაფოდ გამოსასწორებლად, სანამ ის კრიტიკულ სტადიას მიაღწევს.
ბ-ნი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაჩქარებული გაუარესების გათვალისწინებით, ჩვენ, ევროპარლამენტის ქვემორე ხელმომწერი წევრები, სასწრაფოდ მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ერთადერთ თანამგრძნობ, მორალურად სამართლიან და ქმედით გადაწყვეტილებას: ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოში, სადაც ის შეძლებს მიიღოს საჭირო და შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, – აღნიშნულია წერილში.
ევროპარლამენტარების განმარტებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ნებისმიერი შემდგომი ინტეგრაცია ეფუძნება ფუნდამენტურ ჰუმანიტარულ პრინციპებს, მათ შორის ძირითადი ადამიანური თანაგრძნობისა და ყოველი ინდივიდის უფლებას, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება.
„როგორც ევროპარლამენტის წევრები, ხაზს ვუსვამთ უნივერსალური ადამიანური ღირებულებების მნიშვნელობას, რომლებიც იცავენ თითოეული ადამიანის ღირსებას და ემსახურებიან ევროკავშირის პროექტის საფუძველს. ჩვენ ველით, დათქმის გარეშე, რომ როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ასევე კანდიდატი ქვეყნები გამოხატავენ ურყევ ერთგულებას ამ საერთო ევროპული ღირებულებების მიმართ.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ნებისმიერი შემდგომი ინტეგრაცია ეფუძნება ფუნდამენტურ ჰუმანიტარულ პრინციპებს, მათ შორის ძირითადი ადამიანური თანაგრძნობისა და ყოველი ინდივიდის უფლებას, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება.
გვჯერა, რომ ამ საკითხს დიდ ყურადღებას დაუთმობთ და გადადგამთ აუცილებელ ზომებს, რათა უზრუნველყოთ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვას“, – აღნიშნულია წერილში.