დაღერღილი ხორბლის იმპორტი ნოემბრამდე იკრძალება – ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილება
მთავრობა დაღერღილი ხორბლის იმპორტს დროებით ზღუდავს – აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
მთავრობის ადმინისტრაციიის ინფორმაციით, დაღერღილი ხორბლის იმპორტი მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე აღარ განხორციელდება.
„სხდომაზე მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ხორბლის იმპორტის საკითხს. აღინიშნა, რომ უხვი ნალექის შედეგად კახეთის რეგიონში ხორბლის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს სასურსათო ხორბლის მოთხოვნებს, რის შედეგადაც ფერმერებს უწევთ ხორბლის რეალიზაცია საფურაჟე დანიშნულებით.
აღნიშნული პროცესის ხელშეწყობის და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დაღერღილი ხორბლის იმპორტის 2023 წლის 1 ნოემბრამდე შეზღუდვასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და რუსული ფქვილის იმპორტზე 200 ლარიანი გადასახადი დააწესა, რასაც რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტი თანაბარ კონკურენტულ პირობებში უნდა ჩაეყენებინა. თუმცა როგორც მარცვლეულის მწარმოებლები აცხადებდნენ, ამ გადაწყვეტილებამ მდგომარეობა ვერ გამოასწორა.
რუსული ფქვილი კვლავ დაბალ ფასად შემოდის, რის გამოც ადგილობრივი ხორბლის ჩაბარება ვერ ხერხდება. მეხორბლეები ამბობენ, რომ წისქვილები ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ფასად ხორბალს არ იბარებენ, ფქვილის მწარმოებლები კი აცხადებენ, რომ პურის მწარმოებლები რუსულ ფქვილს უფრო იაფად ყიდულობენ. მეხორბლე ფერმერები 14 ივლისს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ, სადაც ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ საფურაჟე ხორბლის იმპორტზე გადასახადის დაწესება იყო.