საქართველოში ივნისში საარსებო შემწეობა 660 265-მა ადამიანმა აიღო
საქართველოში ივნისში საარსებო შემწეობა 660 265-მა სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ აიღო.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ერთ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 8 290 ადამიანით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვრიდან საარსებო შემწეობის მიმღებთა სტატისტიკაში საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის მონაწილეების შესახებ გაჩნდა ჩანაწერი. ამ მონაცემების მიხედვით, ივნისში 41 071 იყო იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც, აღნიშნულ პროგრამაში ჩართვიდან გამომდინარე, საარსებო შემწეობა 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ივნისში საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე ბიუჯეტიდან ჯამში 56 856 373 ლარი დაიხარჯა.
შეგახსენებთ, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. მარტში შემწეობას 676 641 ადამიანი იღებდა.