საქართველოში შესაძლოა ე.წ ტურიზმის მოსაკრებელი დაინერგოს
საქართველოში შესაძლოა ე.წ ტურიზმის მოსაკრებელი დაინერგოს.
ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის გამოკითხული წარმომადგენლების ნახევარზე მეტი იდეას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ მოსაკრებელი დადებითად იმოქმედებს ტურიზმის მდგრად განვითარებაზე. თუმცა სასტუმროების ნაწილს ასეთი გადასახადის შემოღება აშფოთებს.
„მოსაკრებლის დაწესების შემთხვევაში, ერთ ადამიანზე 4,20 ლარით გაძვირდება მოგზაურობა. ეს იმას ნიშნავს, რომ თანხა რეალურად დიდი არ არის და თუ ტურისტს საქართველოში მოგზაურობა სურს ამ თანხის სიდიდე მას ვერ გადაარწმუნებს. კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენი ტურისტული ობიექტების 80%, არ იყვნენ ინფორმირებულნი ტურისტული მოსაკრებლის შესახებ, ისინი უბრალოდ არ იცნობდნენ ამ კონცეფციას“, – განაცხადა ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მამუკა ბერძენიშვილმა.
მამუკა ბერძენიშვილმა მოსაკრებლის დაწესების დადებით მხარეებზეც ისაუბრა და რამდენიმე მიმართულება დაასახელა, რომელსაც ეს მოსაკრებელი განვითარებაში დაეხმარება. მან ასევე თქვა, რომ მოსაკრებელი მხოლოდ უცხოელ ტურისტებზე გავრცელდება და მუნიციპალური ხელისუფლებისთვის ამის დაწესება ნებაყოფლობითი იქნება.