ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი ფრანკოფონიისა და კულტურათაშორისი დიალოგის ორდენით დაჯილდოვდა

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს, დავით სონღულაშვილს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, მზაღო დოხტურიშვილს ფრანკოფონიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ფრანკოფონიისა და კულტურათაშორისი დიალოგის ორდენი „პლეადა” გადაეცათ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯილდო, მათ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ფრანსის დრუენმა გადასცა.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიღებდე და ვატარებდე ასეთ მნიშვნელოვან ჯილდოს. სრულად ვაცნობიერებ, რომ ეს, ერთი მხრივ, ძალზედ საპატიოა, ხოლო, მეორე მხრივ, მეტ პასუხისმგებლობას მანიჭებს.

ფრანკოფონიის განვითარებისთვის ჩვენმა წინა თაობებმა ძალა არ დაიშურეს და ამ პროცესს არც ჩვენ მოვაკლებთ ძალისხმევას. მოხარული ვარ, რომ შევძელით და ვუმასპინძლეთ ფრანკოფონიის დიდ ოჯახს და მსოფლიოს რუკაზე საქართველომ საკუთარი ადგილიც დაიმკვიდრა. თქვენ ფართოდ გაგვიღეთ თქვენი ერთობის კარი და მზად ვართ ღირსეულად ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით. დიდი მადლობა, ასეთი შეფასებისთვის და დაფასებისთვის”,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო ასამბლეის წევრები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები საქართველოს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.