პარტია „ხალხისთვის“ პედოფილიის შემთხვევებზე კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის
პარტია ,,ხალხისთვის’’ ლიდერმა, ანა დოლიძემ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა.
პარტიის ცნობით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება პედოფილიის შემთხვევებზე კანონმდებლობის გამკაცრებას და საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითვალისწინებს.
“ჩვენი ხელწერა საქმეზე ფოკუსირება და ხალხის საკეთილდღეოდ საკანონმდებლო წინადადების წარდგენაა. ჩვენ გვაქვს სერიოზული მოთხოვნა და ეს მოთხოვნა პედოფილიას ეხება. 29 მოზარდი გააუპატიურეს გასულ წელს საქართველოში, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეებზე კი, წლის განმავლობაში სულ 240 არასრულწლოვანია ცნობილი დაზარალებულად. მეორე მხარეს არის მშობელი, ბავშვი, რომელიც ჩვენებას აძლევს და ამასობაში, პროკურატურას უჩნდება აზრი, გაუფორმოს საპროცესო შეთანხმება დამნაშავეს და პედოფილი ქუჩაში დატოვოს.
5 განაჩენის მიხედვით, რაც ქუთაისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან გასაჯაროვდა, საპროცესო შეთანხმება მხოლოდ 1 შემთხვევაში არ გაფორმებულა. 4 შემთხვევაში კი, მოსამართლეებმა საპროცესო შეთანხმებები დაამტკიცეს, ბოლო 2 წლის განმავლობაში. სასჯელის ზომაც, ამ მიმართულებით, ძალიან დაბალია. რამდენიმე წელიწადში დამნაშავეები გარეთ არიან. საქმე გვაქვს სავარაუდოდ, კორუფციასთან ან სხვა რამესთან. შესაბამისად, ჩვენი ინიციატივა ითვალისწინებს კანონმდებლობის გამკაცრებას, მათ შორის უვადო პატიმრობის შემოღებას და საპროცესო შეთანხმების გაუქმებას,“ – აცხადებს ანა დოლიძე.

