თელავში, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საგამოცდო მარშრუტი შეიცვალა
თელავში, ახალციხესა და საჩხერეში, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საგამოცდო მარშრუტები შეიცვალა.
პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ტარდება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ხელმოწერილი ბრძანება 30 ივნისით თარიღდება.
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებით დამტკიცებულ წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართი №5-ით განსაზღვრული ქალაქ თელავის №2, ქ. ახალციხის №1, №2, №3 და ქ. საჩხერის №1, №2, №3 საგამოცდო მარშრუტები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით”,– წერია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
თელავში ამ დროისთვის 2 მარშრუტია დამუშავებული. ერთი მარშრუტი დაიწყება მომსახურების სააგენტოს ოფისიდან და გაგრძელდება ალაზნის ქუჩაზე, შემდეგ რუსთაველის ქუჩას და თბილისის გზატკეცილს, ასევე მოიცავს რუსთაველის ქუჩას, აღმაშენებლის ქუჩას, ჭავჭავაძის გამზირს, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზატკეცილს, კავკასიონის ქუჩას და სრულდება მომსახურების სააგენტოსთან.
მეორე მარშრუტიც ასევე დაიწყება მომსახურების სააგენტოს ოფისიდან გაივლის ალაზნის ქუჩას, გაგრძელდება კავკასიონის ქუჩით და მოიცავს აღმაშენებლის და ერეკლე მეორის ქუჩას, რუსთაველის ქუჩას, თბილისის გზატკეცილს და დასრულდება ისევ მომსახურების სააგენტოს ოფისთან.
მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულო გასულ წელს გახდა. მართვის მოწმობის აღების მსურველებს გამოცდის ჩაბარება 2 ეტაპად უწევთ, რაც პრაქტიკული მართვის გამოცდის როგორც საგამოცდო, ასევე რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარებას გულისხმობს.