წისქვილკომბინატები ადგილობრივი ფერმერებისგან ხორბალს ბაზარზე არსებულ სამართლიან ფასად ჩაიბარებენ – სამინისტრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ მეხორბლე ფერმერებს კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერებთან და თვითმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა, – ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრას კახეთის მხარეში მცხოვრები 60-ზე მეტი მეხორბლე ფერმერი ესწრებოდა. მათი განცხადებით, შარშანდელი მოსავლის რეალიზაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, იმპორტირებულ ფქვილზე დაწესდა დროებითი დამატებითი საფასური, თუმცა, ამ გადაწყვეტილებამდე ქვეყანაში შემოსული ფქვილის მარაგები ჯერ კიდევ დიდია.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორი კვირის ინტერვალში, მარაგების შემცირების საფუძველზე, გაიზრდება ადგილობრივ ფქვილზე მოთხოვნა, წისქვილკომბინატები ადგილობრივი ფერმერებისგან სასურსათო ხორბალს ბაზარზე არსებულ სამართლიან ფასად ჩაიბარებენ. პროცესში აქტიურად ჩართვის მზაობას აცხადებენ, როგორც მცირე, ისე დიდი წარმადობის წისქვილები.
„ბოლო პერიოდში ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და დარგის წარმომადგენლებს შორის. ჩვენი მიზანი იყო ყველა, მხარესთან შეჯერებით მიგვეღო გადაწყვეტილება, რომლითაც, ერთი მხრივ, შევინარჩუნებდით პურის ფასს და, მეორე მხრივ, ფერმერები შეუფერხებლად შეძლებდნენ მოსავლის რეალიზაციას“, – განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მეხორბლე ფერმერების მხარდაჭერას ახალი მოსავლის აღების პროცესშიც აგრძელებს. სამინისტროში შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ მობილიზებულია, დაახლოებით, 300 ერთეული მოსავლის ამღები ტექნიკა. ხორბლის აღების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.