ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა
ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა.
მუზეუმის სრული რეაბილიტაცია საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდა. პროექტის ჯამური ღირებულება 724,999 ლარს შეადგენს.
ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, კარლო ჯამბურიამ, ევროკავშირის დელეგაციის ელჩის მოადგილემ კატალინ გერმანმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა, ნიკ ბერესფორდმა და , პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელმა, კაროლინა ზიგმანოვსკამ.
რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა შენობის ინტერიერი და ღობე. მოწესრიგდა მუზეუმის ეზო, მოეწყო ღია სამკითხველო სივრცეები და ადაპტირებული ღია სცენა. წლობით ყუთებში ჩაწყობილი არტეფაქტები გამოიფინა და განლაგდა თაროებზე მოწყობილ ფონდსაცავებში.
ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმის შენობის მეორე სართულზე, თანამედროვე ტიპის ახალგაზრდული ცენტრი – მედიათეკის მოწყობა განხორციელდა, რომელიც გაეროს განვითარების (UNDP) საგრანტო პროგრამის და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს „მონაწილეობის აკადემია 2022“ გრანტის ფარგლებში დაფინანსდა, მედიათეკის აღჭურვა დონორების მხარდაჭერით განხორციელდა.
ისტორიული მუზეუმის გახსნის შემდეგ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი მიზიდულობის ცენტრი შეემატა. თანამედროვე, ტექნოლოგიებით აღჭურვილი ისტორიული მუზეუმის კომფორტული გარემო, ახალგაზრდებს კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობასთან ერთად, არაფორმალური განათლების მიღების საშუალებას მისცემს.