ფერმერთა ასოციაცია: სექტორში მუშახელის დეფიციტის პრობლემა წელს განსაკუთრებით გამწვავებულია
“ფერმერთა ასოციაციის” თავმჯდომარის მოადგილის, რატი ასლამაზიშვილის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სექტორში მუშახელის დეფიციტის პრობლემა წელს განსაკუთრებით გამწვავებულია.
როგორც “ფერმერთა ასოციაციის” თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს, აგრარული მიმართულების ყველა დარგში კადრების დეფიციტია.
„ყველასთან არის ეს პრობლემა, მაგრამ ასეთი მწვავე ეს საკითხი აქამდე არ ყოფილა. თუ ადრე ვსაუბრობდით პროფესიული კადრების დეფიციტზე, ახლა ემიგრაციის ფონზე, მუშახელის სერიოზული ნაკლებობაა. საზღვარგარეთ სამუშაოდ პირველ რიგში ეს კატეგორია მიდის. პრობლემა ყველა დარგშია და ვერ ვიტყვით რომ რომელიმე განებივრებულია ამ კუთხით. თუმცა მეღვინეობაში შედარებით უკეთესი სიტუაციაა, აქ კონკურენცია მაღალია, ბაზარზე ბევრი მარანი და ღვინის კომპანიაა და მათ აქვთ შესაძლებლობა რომ გადაამზადონ კიდეც საკუთარი კადრები.“- აღნიშნა რატი კოჭლამაზაშვილმა.
მისივე თქმით, პროფესიულ კადრებს აგრარულ სექტორში ანაზღაურება მაღალი აქვთ.
„თუ პროფესიულ კადრებზე ვსაუბრობთ, საკმაოდ მაღალია ხელფასები. პროფესიონალ კადრებს კომპანიები საკმაოდ კარგად უხდიან, თუმცა ამ კუთხით დეფიციტი მაინც არის. თუ ზოგადად სოფლის მეურნეობაზე ვიტყვით, დაბალანაზღაურებადია დარგია. არ არის მაღალ მოგებაზე ორიენტირებული. ასევე, სეზონურობაა ამ დარგის ერთ-ერთი გამოწვევა.“- განმარტა ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ.