მსოფლიოს საუკეთესო სომელიე ღვინის ტურიზმის წარმომადგენლებისთვის თელავში სასწავლო კურსს ჩაატარებს
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით, იტალიის პროფესიონალ სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, ჯუზეპე ვაკარინი თბილისში, ქუთაისსა და თელავში სასწავლო კურსს ატარებს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სასწავლო კურსს ღვინის ტურიზმის 120 წარმომადგენელი ესწრება.
კურსი საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის სტანდარტის მიხედვით შექმნილი საერთაშორისო სასწავლო პროგრამის ფარგლებში იმართება. სასწავლო პროგრამის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და აღნიშნავს, რომ პროექტი მიზნად ისახავს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, კერძოდ ღვინის ტურიზმის მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით საქართველოს ეწვია იტალიის პროფესიონალ სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, რომელიც მასტერკლასებს მართავს საქართველოს სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და თელავში. უნდა აღინიშნოს, რომ 120 მონაწილეა ბენეფიციარი, ვინც მონაწილეობს ამ პროგრამაში. პროექტი მიზნად ისახავს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, კერძოდ, ღვინის ტურიზმის მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას“, – აცხადებს მაია ომიაძე.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სასწავლო პროგრამის მიზანია მოწინავე და უმაღლესი მომსახურების სტანდარტის განვითარება სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, ტურისტებისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
„ეს ერთობლივი პროექტია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის. ჩვენ ვართ ღვინის სამშობლო, გვაქვს არაჩვეულებრივი ღვინო, თუმცა დღეს უფრო ცნობილი ვართ ღვინის ისტორიით, ვიდრე ღვინით, იმისათვის, რომ საქართველო მოხვდეს მსოფლიო ღვინის რუკაზე ღვინით, რომ შევქმნათ უფრო მნიშვნელოვანი ღვინო, რომ შეგვეძლოს ღვინის საერთაშორისო შეფასება ისეთ მაღალ დონეზე რასაც ჰქვია მსოფლიოს სომელიეთა ასოციაცია, ამ მიზნით იმყოფება დღეს ჩვენთან ჯუზეპე ვაკარინი“, – განაცხადა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვამ ხეცურიანმა.
გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ სასწავლო კურსის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები. ხოლო მათ, ვისაც უკვე სრულად გავლილი ექნება მოსამზადებელი პროგრამა, შესაძლებლობა ექნებათ ჩააბარონ საერთაშორისო სომელიეთა პირველი დონის გამოცდა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კი, გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატი (Association de la Sommellerie Internationale – ASI Certification level 1), რომელიც 63 ქვეყანაშია აღიარებული. ამასთან, აღნიშნავენ, რომ ჯუზეპე ვაკარინი იტალიის პროფესიონალ სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, მსოფლიოს საუკეთესო სომელიე და მრავალი სასწავლო წიგნის ავტორია.
„სასწავლო პროგრამის მონაწილეებთან ვსაუბრობთ სომელიეს პროფესიის განვითარების, ღვინის მომზადების შესახებ, თუ როგორ უნდა მივიღოთ საუკეთესო სასმელი. იმედი მაქვს კურსის მონაწილეები მიაღწევენ დასახულ მიზანს, ისინი წარმატებით ჩააბარებენ გამოცდას. ეს პირველი ნაბიჯია სომელიეთა საერთაშორისო ასოციაციის პირველი სერტიფიკატის მისაღებად“, – აცხადებს ჯუზეპე ვაკარინი.