როდემდე შენარჩუნდება ნალექიანი ამინდი კახეთის რეგიონში
წვიმა, სეტყვა, ქარიშხალი, წყალდიდობა- ბოლო ორი თვეა კახეთში უამინდობაა და ყოველდღიურად წვიმს, რაც ზიანს აყენებს როგორც გარემოს, ასევე ინფრასტრუქტურას და სოფლის მეურნეობას.
გადაუღებელმა წვიმებმა რეგიონის მუნიციპალიტეტები დააზარალა. ლაგოდეხში, გურჯაანში, საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, ყვარელსა და გურჯაანში დაიტბორა შიდა საუბნო და ცენტრალური გზები, დაზიანდა გზებზე არსებული ინფრასტრუქტურა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ქარმა კი სახლებს სახურავები გადახადა. განსაკუთრებით რთული სიტუაცია 15 ივნისს გურჯაანში შეიქმნა. უხვი ნალექის გამო, ე.წ. ,,ნავთისხევი” ადიდდა და ნაპირიდან გადმოვიდა. ღვარცოფმა დააზიანა მანქანები, გზები, დატბორა სახლები და მოსახლეობა მნიშვნელოვნად აზარალა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ამინდის გრძელვადიანი განყოფილების უფროსი სპეციალისტი თამარ პაპაშვილი განმარტავს, რომ ნალექიანი ამინდი მომდევნო კვირაშიც შენარჩუნდება, თუმცა წვიმის რაოდენობა შემცირდება.
თამარ პაპაშვილის თქმით, კახეთის რეგიონში განსაკუთრებით ნალექიანი მაისის და ივნისის თვეა. მისივე განმარტებით, გასულ წელთან შედარებით წელს ნალექის რაოდენობა მეტია.
,,23 ივნისამდე როგორც მთლიანად საქართველოში, ასევე კახეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, თუმცა წვიმის ინტენსივობა შემცირდება. ძლიერ ნალექს აღარ ველოდებით 23 ივნისამდე. 22 ივნისს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია წვიმა. 24 ივნისიდან კი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის კახეთშიც გამოიდარებს. მცირე ნალექი შესაძლებელია შენარჩუნდეს მთიან რეგიონებში, ვთქვათ გომბორის ქედზეც. 25 და 26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდს ველოდებით. 27 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაფუჭდება ჯერ დასავლეთ საქართველოში, 28 და 29 -ში კი აღმოსავლეთ საქართველოში და კვლავ უნდა ველოდოთ ნალექს. წინა წელსაც ჩვენ ასეთი ნალექიანი ივნისი გვქონდა და მაისიც გამოირჩეოდა ნალექიან დღეთა სიხშირით.
მრავალწლიური ნორმის მიხედვით, 10 -დან 13 დღემდე არის ივნისში აღმოსავლეთ საქართველოს ბარში წვიმიან დღეთა რაოდენობა. წელს ივნისის თვეში ნორმაზე მეტი ნალექი მოვიდა ანუ ნალექიან დღეთა რაოდენობამ ნორმას გადააჭარბა. ეს არ არის კატასტროფა, მაგრამ მომატებულია.
ჩვენ ველოდით ასეთ ამინდებს. ივნისის თვის პროგნოზშიც გათვალისწინებული იყო ის რომ ნალექების რაოდენობას ველოდებოდით ნორმაზე მეტს. აღსანიშნავია, რომ მაისის და ივნისის თვე კახეთისთვის ნალექებისა და სეტყვის მაქსიმუმით ხასიათდება. ყველაზე დიდი ნალექი რაოდენორივად, აღმოსავლეთ საქართველოში ამ თვეებზე მოდის ძირითადად”,- განუცხადა knews.ge-ს თამარ პაპაშვილმა.