„2025 წლიდან ყველას მოეთხოვება კატალიზატორის გარდამქმნელი” – ვაჟა იორდანიშვილი
მთავრობა გამოსცემს დადგენილებას, რომლის თანახმადაც ე.წ. კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება. ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, არის შემთხვევები, როდესაც ავტომობილებს ე.წ. კატალიზატორებს აცლიან და უცხოეთში ყიდიან. მეტიც, ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლიდან მოყოლებული საქართველოდან ექსპორტზე 97 776 545 აშშ დოლარის ღირებულების, 701 440 კატალიზატორი გავიდა.
„ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის” თავმჯდომარის ვაჟა იორდანიშვილის განცხადებით, კატალიზური გარდამქმნელი შეიცავს ძვირადღირებულ მასალებს და სწორედ ამით არის განპირობებული, რომ მოქალაქეები ავტომობილებს აცლიან და ცალკე საკმაოდ მაღალ ფასად ყიდიან.
„კატალიზური გარდამქმნელი შეიცავს ძვირადღირებულ მასალებს, შესაბამისად, მათი ჩაბარება საკმაოდ მაღალ ფასად ხდებოდა. იყო შემთხვევები, როცა ავტომობილს ყიდულობდნენ გარკვეულ ფასად, თუმცა, შემდეგ მისი რეალიზაცია უფრო იაფად ხდებოდა, ამის კომპენსირება კი ხდებოდა კატალიზატორის მოხსნით და ცალკე ჩაბარებით. კატალიზური გარდამქმნელის ღირებულება რამდენიმე ათასი, შეიძლება 3-4-5 ათასიც კი იყოს,“ – აღნიშნა იორდანიშვილმა.
მისივე განცხადებით, კატალიზატორების ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება სწორი და მისასალმებელია, რადგან თუ რეალიზაციის საშუალება აღარ იქნება, მოტივაციაც არ ექნებათ, რომ კატალიზატორი მოხსნან, ეს კი მავნე ნივთიერებების ჰაერში გაფრქვევას შეამცირებს.
„კატალიზური გარდამქმნელის ვალდებულება 2020 წლის 1-ლი აპრილის შემდგომ რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე მოქმედებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდიდან შემოსულ იმპორტირებულ ყველა ავტომობილზე მოწმდება კატალიზური გარდამქნელი და ყოველ წელს არის ვალდებულება მისი შემოწმების. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უკვე 2025 წლიდან ყველას მოეთხოვება კატალიზატორის გარდამქმნელი,“- განაცხადა იორდანიშვილმა.