ლაგოდეხში დამზადებული ბიოდეგრადირებადი საწრუპების ექსპორტი კვიპროსსა და ესპანეთში იგეგმება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდებარე კომპანია „ბიობამბი“ ქართული ლერწმისგან დამზადებული ბიოდეგრადირებადი საწრუპი ჩხირების ექსპორტს წელს კვიპროსსა და ესპანეთში გეგმავს.
კომპანიამ მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, გაფართოება გადაწყვიტა, რის შედეგადაც წლიურად 200 მლნ ბიოდეგრადირებადი საწრუპი ჩხირის დამზადებას შეძლებს.
„ბიობამბის“ მმართველი დირექტორი გიორგი ჩიქოვანი აცხადებს, რომ კომპანია ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს.
გიორგი ჩიქოვანის თქმით, საწრუპები ექსპორტზე სექტემბრიდან გავა.
“თავდაპირველად, პროდუქციას ექსპორტზე სექტემბრიდან გავიტანთ იმ ქვეყნებში, სადაც პლასტმასის საწრუპი ჩხირების გამოყენება მთლიანად აკრძალულია. გვაქვს მოლაპარაკებები კვიპროსთან და ესპანეთთან, ასევე აშშ-სთან, თუმცა იქ აშშ-ის სოფლის განვითარების სააგენტოს ნებართვის აღება დაგვჭირდება, რის შემდეგაც ვაპირებთ ექსპორტს. წელს ვგეგმავთ, რომ ექსპორტი კვიპროსსა და ესპანეთში დავიწყოთ“, – აღნიშნა მან.
„ბიობამბის“ მმართველი დირექტორის განცხადებით, ქართული წარმოების ეკოლოგიურად სუფთა საწრუპი ჩხირები არა მხოლოდ უსაფრთხოებითა და ხარისხით, არამედ ფასითაც გაუწევს კონკურენციას როგორც პლასტიკის, ისე ქაღალდის საწრუპ ჩხირებს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კომპანია “ბიობამბის” ბიოდეგრადირებადი საწრუპი ჩხირების საწარმო გასული წლის ნოემბერში ამოქმედდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოს მოსაწყობად, ინვესტიციის მოცულობამ 150,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 125,000 ლარს შეადგენდა. გაფართოებისა და BRC სტანდარტის დანერგვის შედეგად ჯამურმა ინვესტიციამ 500 000 ლარს მიაღწია.