გურჯაანში, სტიქიის შედეგად წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებია დაზიანებული- ფოტოები
15 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ქალაქ გურჯაანში მდინარეების ნავთისხევისა და ახტალისხევის ადიდება გამოიწვია. მოვარდნილმა წყლის ნაკადმა ქალაქის ნაწილი დატბორა. წყალდიდობის შედეგად დაზინებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე, მოადგილესთან აკაკი მშვიდობაძესთან ერთად ჩავიდა, გურჯაანისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა და წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ობიექტები მოინახულა.
,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ. ამ ეტაპზე, რეგიონის მასშტაბით, ადგილზე მობილიზებული ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის სერვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლები არიან ჩართული. სტიქიის შედეგად, გურჯაანის მოსახლეობას წყალმომარაგება შეფერხებით მიეწოდება”,- აცხადებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.