ევროკავშირი შენგენის ვიზებზე განაცხადებას ონლაინ რეჟიმში მიიღებს
ევროკავშირს შენგენის ვიზები ონლაინ რეჟიმში გადააქვს. ამ შეთანხმებას ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
ახალი სქემით, შენგენის ვიზის მიმღებ პირს საკონსულოში მისვლა მხოლოდ განაცხადის შესატანად მოუწევს. ამასთან, საკონსულოში პირადად უნდა გამოცხადდნენ ისინიც, ვინც პასპორტი განაახლა ან ბიომეტრიული მონაცემები შეცვალა.
სხვა შემთხვევაში სავიზო განაცხადის წარდგენა ონლაინ რეჟიმში, სპეციალური პლატფორმის საშუალებით იქნება შესაძლებელი. განმცხადებელმა პლატფორმაზე საჭირო მონაცემები უნდა წარადგინოს, ასევე, ბილეთების, სასტუმროს დაჯავშნისა და სხვა დოკუმენტების ელექტრონული ასლები ატვირთოს, სავიზო მოსაკრებელი გადაიხადოს.
ახალი წესების ამოქმედებისთვის ისინი ჯერ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა დაამტკიცონ.
წლის დასაწყისში ისიც გაირკვა, რომ ევროკავშირი 2026 წლიდან ციფრული შენგენის ვიზების შემოღებას გეგმავს. ევროკომისიის შესაბამისი წინადადება ევროპარლამენტმა უკვე მიიღო. ამ ინიციატივის თანახმად, მოგზაურებს საშუალება ექნებათ, ვიზისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი ონლაინ რეჟიმში წარადგინონ, ხოლო ვიზის გამცემი სახელმწიფო ავტომატურად, ტურისტის დოკუმენტების პაკეტის გეგმებისა და შინაარსის მიხედვით დაინიშნება.
ამასთან, საზღვარგარეთის პასპორტებში სავიზო სტიკერები ციფრული ინფორმაციით შეიცვლება.
გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში შესვლაზე უარი თქვეს, თუმცა ხორვატიის გაწევრიანებას დათანხმდნენ, რომელიც შენგენის ზონის 27-ე წევრი ქვეყანა გახდა. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა.
ბულგარეთისა და რუმინეთის გაწევრიანების წინააღმდეგი ავსტრია და ნიდერლანდები იყო. თუმცა ნიდერლანდებმა განმარტა, რომ რუმინეთის კი არა, მხოლოდ ბულგარეთის წინააღმდეგი იყო. რაც შეეხება ავსტრიას, მისმა გადაწყვეტილებამ ვენასა და ბუქარესტს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დროებით შესუსტებაც კი გამოიწვია. ამის მიუხედავად, რუმინეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ შენგენის ზონაში ქვეყნის გაწევრიანების დაწყებაზე ევროკავშირი წელსვე შეთანხმდება.