ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გურჯაანში, სტიქიის ზონაში იმყოფებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით გურჯაანში სტიქიის ზონაში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, კახეთში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლერი გელენავა.
ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დილიდან მერიის შენობაში საგანგებო თათბირი გამართეს და სტიქიის პრევენციის მიზნით ქმედითი ღონისძიებები დაგეგმეს.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დრომდე რჩებიან სტიქიის ზონაში, ადგილზე გაეცნენ სტიქიით დაზიანებულ უბნებს და მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით ცენტრალური მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, სტიქიის პირველივე წუთებიდან ჩართულია სალიკვიდაციო სამუშაოებში. 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ქალაქის სტიქიისგან დაზიანებული უბნების გაწმენდა. დილით გვქონდა სამუშაო შეხვედრა, სადაც განვიხილეთ თითოეული პრობლემური საკითხი. ხდება დამატებითი ტექნიკის მობილიზება, რათა დღის ბოლომდე სრულად მოხდეს დაზიანებული უბნების გაწმენდა და კომუნიკაციების აღდგენა. პარალელურ რეჟიმში, ვაგრძელებთ სტიქიით დაზიანებული უბნების ადგილზე მონახულებას და მოსახლეობასთან შეხვედრა“, – აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მერაბ გამყრელიძემ.
ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის, ილია ბეგიაშვილის განცხადებით, გაზი, წყალი, ელექტროენერგია გურჯაანში დღეს სრულად იქნება აღდგენილი.
„ვრჩებით სტიქიის ზონაში, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება, გასული თვე საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მოგეხსნებათ, რომ უხვი ნალექია მინიმუმ ორ დღეში ერთხელ, სტიქია გვქონდა – დუშეთში, ახალქალაქში, გორში, ყვარელში, სიღნაღში, ლაგოდეხში, ამჯერად, სტიქიას ვებრძვით გურჯაანში. ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა. სტიქიის პრევენციის მიზნით სამუშაოები არ წყდება და ინტენსიურად მიმდინარეობს, როგორც უშუალოდ ქალაქ გურჯაანში, ასევე, მიმდებარე სოფლებში. საბაზისო ინფრასტრუქტურა: გაზი, წყალი, ელექტროენერგია დღეს საღამოსთვის სრულად იქნება აღდგენილი”, – ილია ბეგიაშვილმა.
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის განმარტებით, ხევების გაწმენდა პერიოდულად მიმდინარეობს, თუმცა, გუშინ მოსული უხვი ნალექის გატარება ვერ მოხერხდა, რამაც დატბორვა გამოიწვია.
„სტიქიის შედეგების პრევენციის მიზნით, მყისიერად ჩაერთო ყველა შესაბამისი უწყება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. ამ ეტაპზე, საქართველოს პრემიერ – მინისტრის დავალებით ადგილზე იმყოფებიან ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და კოორდინირებულ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის შედეგების პრევენციის მიზნით საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. რაც შეეხება მუნიციპალიტეტში არსებული ხევების ადიდებას მოგახსენებთ, რომ ხევების გაწმენდა პერიოდულად მიმდინარეობს, თუმცა, გუშინ მოსული უხვი ნალექის გატარება ვერ მოხერხდა, რამაც გამოიწვია დატბორვა“, –აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.