რას მოიცავს ავტოსადგურების რეფორმა და რას ფიქრობენ მძღოლები კახეთში
საქართველოს მთავრობა ავტოსადგურების რეფორმის განხორციელებას გეგმავს. 2025 წლის მაისამდე, ქვეყანაში პირველი, მეორე და მესამე კლასის თანამედროვე ტიპის ავტოსადგურები მოეწყობა.
რეფორმის პირველი ეტაპის მოთხოვნები, რაც სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო ნორმებთან შესაბამისობას მოიცავს, გადამზიდავებმა 2024 წლის თებერვლამდე უნდა დააკმაყოფილონ. ამასთან, რეფორმის ფარგლებში ავტოსადგურები სერტიფიცირებას დაექვემდებარება, რომლის ჩატარების წესსაც საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.
კახეთში მცხოვრები მძღოლები ფიქრობენ, რომ ავტოსადგურების რეფორმა მგზავრობის ფასს გააძვირებს, რადგან, კანონის მოთხოვნების დაკმაყოფილება მათთვის დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.
,,თუ დაიწყო რეფორმის განხორციელება, ბევრი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოგვიწევს. ჯერ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია რა მოთხოვნები იქნება. როგორც ვიცით უნდა მოხდეს სამარშრუტო მანქანების და ავტოსადგურების გამართვა, ეს კი დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. მძღოლებს მოგვიწევს მგზავრობის გადასახადის გაძვირება, იმიტომ რომ ჩვენც გაგვიძვირდება მანქანების მოვლა და სხვა სერვისების მიღება’’,- განაცხადეს Knews.ge-სთან საუბრისას სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა.
მძღოლებისგან განსხვავებით, დადებითად აფასებენ სიახლეებს და მოსალოდნელ რეფორმას მგზავრები. მათი თქმით, აღნიშნული რეფორმა მოაგვარებს ბევრ პრობლემას, რაც მათ გადაადგილებისას ექმნებათ.
,,ხშირად მძოლები თავისი გადაწყვეტილებით ცვლიან მარშრუტებს, მათ დროს, უნდა გავიდნენ თუ არა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიმართულებით და სხვა. გარდა ამისა, მარშუტკები მოუწესრიგებელია, მძღოლების უმეტესობა არაკვალიფიციური, არ არის სათანადო პირობები დაცული, ზაფხულში არ არის კონდინციონერი და სხვა. ასევე მოუწყობელია ავტოსადგურები, საშინელ მდგომარეობაშია ინფრასტრუქტურა’’,- განაცხადა ლელა ბეგაშვილმა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა.
„ეს რეფორმა თვეების განმავლობაში მუშავდებოდა სამინისტროში და შემდგომში იხილებოდა ეკონომიკურ გუნდში. უკვე გამზადებული პაკეტი მთავრობამ დაამტკიცა და პარლამენტს გადაეგზავნა. პროექტი შემუშავებულია ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეფორმის ფარგლებში. კანონპროექტი ითვალისწინებს შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოქცევას სანებართვო სისტემაში, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის პროცესის მარეგულირებელი ნორმების დახვეწას და ავტოსადგურების სერტიფიცირებას ჩვენი სახმელეთო სააგენტოს მიერ.
იცით, რომ დღეს ქვეყანაში უამრავი ავტოსადგური არსებობს, რომელიც არანაირ წესებში არაა მოქცეული, არანაირი სტანდარტი არ არის დაცული და სამწუხაროდ, ხარისხი არის ძალიან დაბალი. ეს ჩვენი ქვეყნის ვიზუალზეც აისახება, ტურიზმის სექტორზეც და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეები არც ისე კომფორტულ პირობებში სარგებლობენ შიდა, საქალაქთაშორისო, თუ საერთაშორისო გადაზიდვებით. ამ შემთხვევაში, კონკრეტული მოთხოვნები იქნება ასეთი ავტოსადგურების მიმართ. სამი ტიპის ავტოსადგური განისაზღვრება. ეს იქნება პირველი, მეორე და მესამე კლასი. დიდ ქალაქებში იქნება პირველი კლასის ავტოსადგურები, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება და ძალიან პატარა მუნიციპალურ ცენტრებში, იქნება მცირე მოთხოვნებით, მაგრამ თანამედროვე ვიზუალის და ყველა იმ მინიმალური კომფორტის და უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს მგზავრებს სჭირდებათ. ასევე, ავტოსადგურები სერტიფიცირებას დაექვემდებარება. სერტიფიცირების ჩატარების წესი მთავრობის მიერ განისაზღვრება.
თითოეული მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობას განსაზღვრავს და მუნიციპალიტეტებსაც თავისი უფლებამოსილებები განესაზღვრებათ. 2024 წლის თებერვლამდე უკვე პირველი ეტაპის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ გადამზიდავებმა, რაც შეეხება მინიმალურ მოთხოვნებს, რომ სატრანსპორტო საშუალებები უსაფრთხოების ნორმებს შეესაბამებოდეს და უკვე 2025 წლის მაისისთვის, ავტოსადგურების მთლიანი რეფორმა სრულყოფილად უნდა განხორციელდეს,“ – განაცხადა მინისტრმა.
როგორც დავითაშვილი აცხადებს, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში მგზავრობის ფასის მატება მოსალოდნელი არ არის.
„სატრანსპორტო საშუალებები დღეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს იქნება გამჭვირვალე პროცესი, ბილეთების ფასი ლოგიკას დაექვემდებარება. ზოგადად, ამ რეფორმების ფარგლებში, ბილეთის ფასის გაძვირებას არ ველოდებით,“ – განაცხადა დავითაშვილმა.
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით არსებული პრობლემები დროულად მოსაგვარებელია. მათივე ინფორმაციით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია 55 210 მიკროავტობუსი და ავტობუსი. აქედან, ინსპექტირებაზე არც ერთხელ არ გამოცხადებულა 36 560, რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის 68.2%
ასოციაცია თვლის, რომ მაღალი ალბათობით, უმეტეს შემთხვევაში მგზავრები გადაჰყავს ტექნიკურად გაუმართავ ავტოტრანსპორტს.ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტის დავით მესხიშვილის თქმით, ქვეყანაში არსებობს თვითორგანიზებული ავტოსადგურები, საიდანაც მგზავრები ისეთ მძღოლებს გადაყავთ, რომელთაც შესაბამისი მართვის მოწმობაც კი არ აქვთ.
„პირველ რიგში ეს პრობლემა იწყება ავტოსადგურებიდან, რადგან ჩვენ გვაქვს კანონიერი და უკანონო სადგურები. კანონიერის შემთხვევაშიც კი მონიტორინგი არაა საკმარისი, რაც შეეხება უკანონო ავტოსადგურებს, ეს არის თვითორგანიზებული სადგურები, საიდანაც გადიან ე.წ. ხიშნიკი მძღოლები. მსმენია იმის შესახებ რომ ამ მძღოლებს შესაბამისი მართვის მოწმობაც კი არ აქვთ, იმდენად გამოსულია ეს სფერო საერთოდ კონტროლის ჩარჩოებიდან. ბევრი ფაქტია რომ ადამიანებს არ აქვს მართვის მოწმობა და ჩვეულებრივ მოძრაობენ გზებზე, ჯარიმა ერთხელ, ორჯერ, შვიდჯერ, ათჯერ. საბოლოოდ ეს უნდა იყოს სისხლის სამართლებრივი დანაშაული, რადგან ევროპის ბევრ ქვეყანაში სწორედ ასეა,“– აღნიშნა მესხიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.