რა მომსახურებები გაძვირდა გასულ თვეში – საქსტატი
2025 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის 2.4% შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის მონაცემებშია აღნიშნული.
ამასთან, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2025 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1% იყო, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.0%-ით განისაზღვრა.
საანგარიშო პერიოდში, პროდუქტებს შორის ყველაზე გაძვირებულია, კომბოსტო, მწვანილი და ქორწინების ბეჭედი. რაც შეეხება გაიაფებულს, წელს თებერვალში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ფასი შემცირებულია ინტერნეტზე, ანტიბიოტიკებსა და საზამთროზე.
რაც შეეხება თებერვალში, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, გაძვირებულ მომსახურებებს, პირველ ადგილზეა საავადმყოფოს მომსახურება.
უფრო კონკრეტულად, საქსტატზე დაყრდნობით, გთავაზობთ, გასულ თვეში, წლიურად ყველაზე გაძვირებული მომსახურებების ჩამონათვალს:
საავადმყოფოს მომსახურება – 22.6%
მღებავის მომსახურება – 19.3%
ჯანმრთელობის დაზღვევა – 13%
ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება – 11.4%
მობილური ტელეფონის შეკეთება – 10%
თერაპევტის კონსულტაცია – 9.1%
ავტომობილის რეცხვის გადასახდელი – 8.2%
სასტუმროს მომსახურების ღირებულება – 7.8%
სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) – 7.6%
ქალის თმის დავარცხნა – 7.3%