როგორ აფასებს „გურჯაანის ნაყინი“ სეზონს და რა სიახლეებს სთავაზობს ბაზარს
„გურჯაანის ნაყინი“ სეზონს ახალი გემოებით შეხვდა. ამ ბრენდით ნაყინს კომპანია „აისი“ აწარმოებს.
როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიის ტექნოლოგმა და ხარისხის ჯგუფის ხელმძღვანელმა ეთერ მდივანმა განუცხადა, მიმდინარე სეზონზე „გურჯაანის ნაყინმა“ ბაზარზე გამოიტანა ხვეულა ატმის არომატით, ხვეულა კივის არომატით, ხვეულა ნესვის არომატით და ხვეულა საზამთროსა და ნესვის არომატით.
კომპანია დამატებით გეგმავს ხვეულა მანგოს არომატით გამოშვებასაც.
ეთერ მდივანის თქმით, დღეისათვის გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამინდის გამო რეალიზაციის შედარებით დაბალი მაჩვენებელია.
„გასულ წელს უფრო კარგი სეზონი იყო. წელს სულ წვიმებია და მარტი, აპრილი მაისი ნახევარი ფაქტობრივად არ გვიმუშავია. ნაყინი საქართველოსთვის ხომ სეზონური პროდუქტია. მსოფლიოსთვის არა, მაგრამ საქართველოსთვის სეზონური პროდუქტია. როცა ცივა არავინ არ ჭამს და როცა ცხელა ყველა ჭამს. ვერ გეტყვით, რომ წელს საუკეთესო სეზონი იყო. წინ გვაქვს თვენახევარი, 15 აგვისტომდე, მერე უკვე აცივდება.
გასული თვეებში ნაყინის მწარმოებლებისთვის ცუდი სეზონი იყო და სამომავლოდ არ ვიცი. თუმცა ამჟამინდელი მონაცემებით გასული წლის სეზონთან შედარებით რეალიზაცია დაბალია. ჩვენ ხომ ბაზრის მოთხოვნაზე ვართ დამოკიდებულები, რაც ბაზარს უნდა იმდენს ვაწარმოებთ“, – აცხადებს ეთერ მდივანი.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, „გურჯაანის ნაყინს“ ფასები არ გაუზრდია და წელსაც იგივე ფასებში ყიდის პროდუქციას.
კომპანია „აისი“ „გურჯაანის ნაყინის“ შეტანაზე ქსელურ მარკეტებთან მოლაპარაკებებს ინტენსიურად აწარმოებს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს „გურჯაანის ნაყინზე“ მოთხოვნა არის.
„სულ გვირეკავენ მომხმარებლები, რომ ჩვენს რაიონში არ არის თქვენი ნაყინი, ჩვენს ქუჩაზე თქვენი ნაყინი არააო. რაც მაცივრები გაქვს ყველას ვავსებთ. ზოგადად მაცივრები ძვირია“, – ამბობს ეთერ მდივანი.
დღეისათვის „გურჯაანის ნაყინი“ ბაზარზე წარმოდგენილია 4 სახეობა ჭიქის ნაყინით, 2 სახეობა პლომბირით, 4 სახეობა ოჯახურით, 5 სახეობა ესკიმოთი და 1 სახეობა თავადური თხილით.
ხოლო რაც შეეხება ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად ნაყინებს, ესენია: ბრიკეტი, ხვეულა, პლომბირი, თეთრი ჭიქის ნაყინი ბრენდი.