პარლამენტმა “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა
პარლამენტმა “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა, რომელიც ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების ფარგლებში მომზადდა.
კანონის პროექტი 83-ხმით (ერთი წინააღმდეგი) მესამე მოსმენით მიიღეს. კანონის პროექტით “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ გათვალისწინებულია შემდეგი საკითხები: დგინდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის, დაშტრიხვის გარეშე, ნებისმიერი დაინტერესებული პირსთვის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესი.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებისა და საბჭოს წარდგინების გასაჩივრების საკითხთან დაკავშირებით შემდეგი შეზღუდვა დგინდება: – თუ საჩივრის განხილვის შედეგად უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ დაადგინა, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მიკერძოებული იყო, მისი მიდგომა დისკრიმინაციული იყო ან მან კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას გადაამეტა, რის შედეგადაც კანდიდატის უფლებები დაირღვა ან საფრთხე სასამართლოს დამოუკიდებლობას შეექმნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს წევრი საბჭოს მიერ ხელახალი განკარგულების/ხელახალი წარდგინების მიღების პროცესში აღარ მონაწილეობს.
იცვლება რაიონული ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის განწესების წესი. კერძოდ, დგინდება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონული ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეს დანიშნავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევისათვის დადგენილი წესით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის არჩევის პროცედურაში მონაწილე საბჭოს წევრობის კანდიდატი უფლებამოსილი იქნება, კენჭისყრამდე მიმართოს მოსამართლეთა კონფერენციას და წარუდგინოს საკუთარი ხედვა და მოსაზრება მისი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში მის მიერ საბჭოს წევრის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ცვლილებები ასევე შეეხება – ჩანაწერს სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ, მიმდინარე კონკურსის ფარგლებში მოსამართლის სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის საკითხს, მოსამართლეთა საქმიდან ჩამოცილების გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადების გაზრდას, მოსამართლისთვის საქმიდან ჩამოცილების პერიოდში ხელფასის შენარჩუნების საკითხს, დისციპლინური გადაცდომის – პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების მომენტის ნათლად განსაზღვრას და ღია სასამართლო სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას.