სურსათის უვნებლობის სფეროში საქართველომ 300-მდე სტანდარტი უნდა დაამტკიცოს
სურსათის უვნებლობის სფეროში, საქართველომ 2027 წლამდე 300-მდე სტანდარტი და რეგულაცია უნდა მიიღოს, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი საუბრობს.
მისი თქმით, ეს პროცესი ევროკავშირთან ჰარმონიზების ნაწილია.
„გეგმის მიხედვით, დაახლოებით 300-მდე სტანდარტი უნდა შევიმუშაოთ. ჩვენ დაჩქარებული ტემპით მივდივართ, თუმცა, ამას დრო სჭირდება. მთავარი ის კი არ არის, რომ სტანდარტები მიიღო და დაამტკიცო მთავრობის განკარგულებით ან პარლამენტში – მთავარია ამ რეგულაციების აღსრულება. ეს მრავალფეროვანი და რთული პროცესია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანური რესურსის გადამზადებასთან, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებასთან, ფინანსურ სახსრებთან და ბიზნესის მზაობასთან. ჩვენი გათვლებით, 2027 წლამდე სულ 300-მდე რეგულაცია უნდა მივიღოთ და დავაახლოოთ ევროკავშირის სტანდარტებთან“ – აცხადებს ზურაბ ჩეკურაშვილი,
რაც შეეხება სურსათის უვნებლობასა და ბაზარზე არსებული პროდუქტს უსფრთხოობას, სურსათის ეროვნული სააგენტოს თქმით, დღეს ქვეყანაში უსაფრთხო და ხარისიხიანი პროდუქციაა, თუმცა, დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში, მომხმარებლისა და საზოგადოების როლი უმნიშვნელოვანესია.
„ჩვენი მოქალაქეების, საზოგადოების აქტიურობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ჩვენ ყველა ერთ საქმეს ვაკეთებთ. სახელმწიფოს არ აქვს იმხელა ადამიანური ან ფინანსური რესურსი, რომ სურსათთან შემხებლობაში მყოფი ყველა საწარმო შეამოწმოს. ეს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ამიტომ, ამ შემთხვევაში, საზოგადოების აქტივობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ვხედავთ, რომ ეს აქტივობა ბოლო წლებში საკმაოდ მაღალია, მაგრამ უფრო მეტი გვინდა. რადგან მხოლოდ სახელმწოფო კონტროლი არ კმარა ამისთვის, უნდა იყოს საზოგადოებრივი კონტროლიც ამასთან ერთად“ – აცხადებს ზურაბ ჩეკურაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“.