ლუკ დევინი – საქართველო ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ უნდა გახდეს
ფრენების განახლება რუსეთთან იმ დროს, როდესაც ევროკავშირი აჩერებს ფრენებს მასთან – ვწუხვართ ამ გადაწყვეტილების გამო, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელმა ლუკ დევინმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი ასევე სწუხს იმის გამო, რომ ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის საშუალება ეძლევათ.
„მტკიცედ მოვუწოდეთ საქართველო არ განახორციელოს ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას – ფრენების განახლება რუსეთთან იმ დროს, როდესაც ევროკავშირი აჩერებს ამ ფრენებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო რუსეთის იზოლაციის მიზნით. ვწუხვართ ამ გადაწყვეტილების გამო, ისევე როგორც ევროკავშირის მიერ სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე დაშვების გამო, არ ვფიქრობთ, რომ საქართველო უნდა გახდეს სანქციების გვერდის ავლის ადგილი“, – აღნიშნა ლუკ დევინმა.