ახალი ამბები

ახმეტაში „თუშური კულტურის დღე“ გაიმართება

10 ივნისს, თუშეთის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, რესტორნის „ბადაგონის სახლი ალავერდთან“ სივრცეში იმართება ღონისძიება „თუშური კულტურის დღე“.

ღონისძიებაში ჩართულები იქნებიან ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია და რესტორნების ქსელი „ბადაგონის სახლი“. ღონისძიების მიზანია თუშური კულტურის და ადგილობრივი ტრადიციული სამზარეულოს პოპულარიზაცია.

,,სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ თუშურ წეს-ჩვეულებებსა და ხელოვნებას. მოისმინონ ტრადიციული ფოლკლორის ნიმუშები; ადგილზე დააგემოვნონ რესტორანი „ბადაგონის სახლის“ შეფის, ნატა ბაიხოიძის მიერ მომზადებული თუშური ტრადიციული კერძები. (კოტორი, ხავიწი, გორდილა, ერბოან ყვა, ყაღი და ა.შ) და თავადაც ჩაერთონ მომზადების პროცესში. გაეცნონ თუშ მეწარმეებს და მათ პროდუქციას. გაეცნონ ტრადიციულ თუშურ ხელსაქმეს.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია თუშეთის ტურისტული სეზონის ხელშეწყობა, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების მხარდაჭერა, მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, თუშური ტრადიციული სამზარეულოსა და ადგილობრივი ხელსაქმის პოპულარიზაცია”,
– აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.