ახალი ამბები

აგვისტოდან მოქალაქეები თავად აირჩევენ, რა რისკიანობის პორტფელში ჩაიდება მათი საპენსიო დანაზოგი

მიმდინარე წლის აგვისტოდან დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ თავად აირჩიონ, რა რისკიანობის პორტფელში დაბანდდება მათი დანაზოგები.

კერძოდ, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის თავზე საპენსიო სააგენტოს უჩნდება უფლება, საპენსიო დანაზოგები მიღმა ნაკლებრისკიანისა, საშუალო და მაღალრისკიან პორტფელშიც განათავსოს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, თუკი ახლა უცხოურ აქტივებსა და გლობალურ ბაზრებზე დანაზოგების მხოლოდ 20%-ის დაბანდებაა ნებადართული, საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელებისთვის ეს ლიმიტები გაიზრდება.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა განუცხადა, 6 აგვისტოდან მოქალაქეების დანაზოგები, მათი ასაკის მიხედვით, სხვადასხვა საინვესტიციო პორტფელებში გადანაწილდება. შემდეგ კი სქემის მონაწილეებს თავად ექნებათ სასურველი პორტფელის არჩევის შესაძლებლობა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, სხვადასხვა აქტივებში ინვესტირებას განსხვავებული რისკები და ამონაგები ახლავს თან და შესაბამისი ინფორმაცია მოქალაქეებს დეტალურად მიეწოდებათ.

„კანონის ამოქმედებიდან 5 წლის შემდეგ, ანუ უკვე აგვისტოდან საპენსიო სქემის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, სამი ტიპის საინვესტიციო პორტფელიდან ერთ-ერთი ან მათი კომბინაცია თავად აირჩიონ. 6 აგვისტოდან მოქალაქეები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით საინვესტიციო პორტფელებში გადანაწილდებიან. კანონის მიხედვით, 40 წლამდე პირები მაღალრისკიან პორტფელში გადაინაცვლებენ, 50 წლამდე მონაწილეები – საშუალორისკიანში, ხოლო 50 წლის ზემოთ მონაწილეები დაბალრისკიან პორტფელში დარჩებიან. შემდეგ კი მათ მინიმუმ ერთი თვის ვადა ექნებათ გადასაწყვეტად, არსებულ საინვესტიციო პორტფელში დარჩნენ თუ სხვა რისკიანობის პორტფელი აირჩიონ. რისკიანობის შეცვლის შესაძლებლობა მათ 12 თვეში ერთხელ მიეცემათ“, – განაცხადა გოგა მელიქიძემ, რომელმაც საპენსიო სააგენტოს სამომავლო გეგმებისა და სიახლეების შესახებ მედიის წარმომადგენლებს გააცნო ინფორმაცია.

ცნობისთვის, 2023 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეების მთლიანი საპენსიო დანაზოგი 3.5 მილიარდი ლარია. მათ შორის, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 556 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში 1 მლნ 403 ათასამდე ადამიანია გაწევრიანებული.