ახალი ამბები

აუდიტი- ახმეტაში, სადაც 28 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, მხოლოდ ა(ა)იპ-ებში 1000-ზე მეტი პირი იყო დასაქმებული

2020-2021 წლებში ახმეტის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში დასაქმებული იყო 1006-1025 პირი, მაშინ როცა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობა 27.8 ათასი ადამიანს შეადგენს. ეს კი საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

ამის შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

აუდიტის დასკვნით, ა(ა)იპ-ების მართვის პროცესი მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი სისტემური ხარვეზებით და ორგანიზაციების საქმიანობით მიღებული სარგებელი, ხშირ შემთხვევაში, არ შეესაბამებოდა მათი ფუნქციონირებისათვის დახარჯულ ფინანსურ რესურსებს, კერძოდ:

„ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა ფუნქციური დატვირთვა, რიგ შემთხვევებში, ვერ დასტურდება, მაგალითად:

ა(ა)იპ − ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა ვერ წარმოადგინა ინფორმაცია რამდენიმე თანამშრომლის ფუნქციებისა და საქმიანობის საჭიროების შესახებ, კერძოდ, ვერ დადასტურდა ა(ა)იპ-ის საკლუბო გაერთიანების ღონისძიებების ორგანიზების 6 სპეციალისტის შესაბამისი აქტივობა. ასევე ვერ დადგინდა ა(ა)იპ-ის 11 თანამშრომლის ფუნქციური დატვირთვა, რომლებიც დასაქმებული იყვნენ სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში ბიბლიოთეკის გამგეებად, კულტურის სახლის თანამშრომლებად და ა.შ. გარდა ამისა, ორგანიზაციაში დასაქმებული იყო ისტორიულ ძეგლთა 3-5 მცველი, რომელთა ფუნქციური დატვირთვა სათანადოდ ვერ დასტურდება. სულ ზემოაღნიშნული პირების შრომის ანაზღაურებაზე 2020-2021 წლებში 103.5 ათასი ლარი დაიხარჯა.

დაფუძნებული სუბიექტების ორგანიზაციული სტრუქტურა/საშტატო განრიგი არ არის ოპტიმიზებული, მაგალითად:

მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში დასაქმებული პირები ერთდროულად მუშაობენ 2-3 სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში. კერძოდ, 2020 წელს პარალელურად რამდენიმე ორგანიზაციაში დასაქმებული იყო 28, ხოლო 2021 წელს – 32 პირი. მათ შორის, 2020 წელს − 6 და 2021 წელს − 9 დასაქმებულ პირს სხვადასხვა ორგანიზაციაში ეკავა მთავარი ბუღალტრის, იურისტის, შესყიდვების სპეციალისტის და ა.შ. პოზიციები. აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო რწმუნება, რამდენად მიზანშეწონილი და ეფექტიანია ერთი და იმავე პირების დასაქმება სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში და ასევე რამდენად ასრულებდნენ ისინი მათზე დაკისრებულ მოვალეობებს ერთდროულად, რამდენიმე პოზიციაზე მუშაობის პირობებში;

მერიაში 2020 წელს დასაქმებული − 2 და 2021 წელს დასაქმებული 3 მოსამსახურე პარალელურად ასევე მუშაობდა ერთ ან ორ ა(ა)იპ-ში, რაც კანონმდებლობის დარღვევაა.

დაფუძნებული სუბიექტების მართვის პროცესში სახსრები არაეკონომიურად გამოიყენება, მაგალითად:

– მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა ა(ა)იპ − ახმეტის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და გარე განათების სამსახური, რომელიც 2021 წლის ივნისიდან გაიყო და არსებულის ბაზაზე შეიქმნა 2 ა(ა)იპ.75 2020-2021 წლებში აღნიშნულ ა(ა)იპ-ებზე მუნიციპალიტეტმა დახარჯა, სულ − 1,595.0 ათასი ლარი. ორგანიზაციის გაყოფის შედეგად3 ერთეულით გაიზარდა ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა, რომელთა ხელფასებზე წლიურად დამატებით, დაახლოებით, 21 ათასი ლარი იხარჯება. გადაწყვეტილება ახალი იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ არ არის დასაბუთებული, რადგან სხვადასხვა ადმინისტრაციის მართვის პირობებში სუბიექტები იმავე სამუშაოებს ასრულებენ და ფუნქცია-მოვალეობებიც არშეცვლილა;

– ა(ა)იპ − ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს წესდებით ევალება ახმეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვა და მათი მოვლა-პატრონობა. 2020-2021 წლებში სუბიექტში ამ მიზნით დასაქმებული იყო 15-16 პირი, რომლებსაც შრომის ანაზღაურების სახით მიღებული აქვთ, დაახლოებით, 92.0 ათასი ლარი. ა(ა)იპ-ის საქმიანობის მიმართულებები დუბლირებულია მერიის სამსახურის ფუნქციებთან. კერძოდ, მუნიციპალიტეტის მერიაში ფუნქციონირებს ძეგლთა დაცვის განყოფილება, მსგავსი ფუნქციებით. განყოფილებაში შესაბამის პერიოდში დასაქმებული იყო 4 თანამშრომელი და მათზე ხელფასის სახით გაცემულია, დაახლოებით, 90.0 ათასი ლარი“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის სამსახურმა დაასკვნა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვა ხორციელდებოდა ხარვეზებით, კერძოდ, არ არის დაცული ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად გამოყენების ვალდებულება: რიგ შემთხვევაში თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობები ორგანიზაციის რეალურ საჭიროებებს არ შეესაბამება; გამოვლინდა კანონშეუსაბამოდ თანამშრომელთა რამდენიმე ორგანიზაციაში დასაქმების შემთხვევები; სათანადოდ არ არის დასაბუთებული მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებები იურიდიული პირების შექმნისა და საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით.