„საქსტატი“ – ხილზე, თევზზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე ფასები გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, რძეზე, ყველზე, კვერცხზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, პურსა და პურპროდუქტებზე, შაქარზე, ზეთსა და ცხიმზე ფასები შემცირდა.
ამასთან, როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფასები წინა თვესთან შედარებით, ხილზე, თევზზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე გაიზარდა.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა 1.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.62 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-5.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-5.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-2.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-1.0 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (4.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.5 პროცენტი), თევზეული (1.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.6 პროცენტით, რაც 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (2.3 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმის (0.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.2 პროცენტიანი მატება, რაც 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაიზარდა საფინანსო მომსახურების ქვეჯგუფზე (21.6 პროცენტი)”, – ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.