“ვერ ვიტყვი, რომ ღვინის სუბსიდირება რამეს ხელს უშლის” – ოთარ შამუგია
“ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ [ღვინის] სუბსიდირება რამეს ხელს უშლის”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა. BMG-ის კითხვაზე, როდის იტყვის უარს მთავრობა ღვინის სუბსიდირებაზე, მინისტრი აღნიშნავს, რომ „რაც უფრო მეტი ღვინის რეალიზაციას შევძლებთ, მით უფრო ადრე ვიტყვით სუბსიდირებაზე უარს”.
„რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ სუბსიდირება რამეს უშლის ხელს. სუბსიდირება არ არის საუკეთესო მექანიზმი, თუმცა ეს არის მოცემულობა, რომელშიც ჩვენ დღეს ვართ. ფერმერებს მხარდაჭერის გარეშე ვერ დავტოვებთ. იმისთვის, რომ სუბსიდირებაზე უარი ვთქვათ, საჭიროა მეტი ღვინის რეალიზაცია მსოფლიო ბაზარზე. რაც უფრო მეტი ღვინის რეალიზაციას შევძლებთ, მით უფრო ადრე ვიტყვით უარს სუბსიდირებაზე,”– განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობამ რთველის სუბსიდირებისთვის 2017 და 2018 წლებში 40 მილიონი ლარი გამოყო, რაც 2019 წელს 80 მილიონამდე, 2020-ში 104 მილიონ ლარამდე, 2021 წელს კი 138 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 2022 წელს სუბსიდირებაზე დაახლოებით 150 მილიონი ლარი დაიხარჯა.