სამგზავრო გადაყვანის რეფორმის ფარგლებში, განვლილი 4.5 საათის შემდეგ, მძღოლმა მინიმუმ 45 წუთი უნდა დაისვენოს
ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, ირაკლი იზორიას განცხადებით, სამგზავრო გადაყვანის რეფორმის ფარგლებში, მძღოლის რეჟიმი გაკონტროლდება, კერძოდ, ყოველი განვლილი 4.5 საათის შემდეგ მძღოლმა მინიმუმ 45 წუთი უნდა დაისვენოს.
როგორც ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა ირაკლი იზორიამ განაცხადა, ავტოსადგურების სერტიფიცირების ფარგლებში, ავტოსადგურებში სამედიცინო ოთახი მოეწყობა, ამასთან, მძღოლები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.
„სამი კატეგორიის სადგური იქნება. პირველი ტიპი დიდი ქალაქებისთვის იქნება განსაზღვრული, რაც არის საერთაშორისო მნიშვნელობის ავტოსადგური, შედარებით პატარა და მცირე ზომის ქალაქებსა და სოფლებში იქნება მეორე და მესამე კატეგორიის ავტოსადგურები, მუნიციპალიტეტი თავად განსაზღვრავს დიზაინს და ადგილმდებარეობას, თუ სად უნდა განთავსდეს ავტოსადგური.
რაც შეეხება რეგულაციებს, ვიცით, რომ დღევანდელი კანონმდებლობით სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო არსებობს, რომელსაც არ აქვს უფლება შეამოწმოს ავტოსადგური, არის თუ არა ის რეგლამენტის მიხედვით მოწყობილი, ამიტომ, კანონში იქნება ცვლილება და სასამართლოს თანხმობის გარეშე შეეძლება სააგენტოს ადგილზე მივიდეს და ნახოს რა მდგომარეობაშია ავტოსადგური.
ამ ყველაფერს ემატება გარკვეული მოთხოვნები ავტოსადგურების მიმართ. ეს არის სამედიცინო ოთახის არსებობა, მძღოლის შემოწმება, იგეგმება ბილეთების სისტემის შემოღება. იცით, რომ ზოგ ადგილზე საერთოდ არ იყიდება ბილეთი, ან არ ვიცით გასვლის მარშრუტი. შესაძლებელი იქნება გასვლის თარიღის ონლაინ დაჯავშნა. ამას ემატება მძღოლის მიმართ მოთხოვნები. მძღოლები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, მოიაზრება ალკოტესტზე შემოწმებაც.
უსაფრთხოების სტანდარტებთან დაკავშირებით, დამატებით ჩანართები იქნება. აუცილებელი იქნება ტექნიკური ინსპექტირების გავლა, ამასთან, ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს მიღებულ სტანდარტს, მაგალითად, სატვირთო ავტომობილი არ უნდა იყოს გადაკეთებული, ხელოვნურად არ უნდა იყოს დამონტაჟებული სავარძლები. ამასთან, უშუალოდ მძღოლის რეჟიმი გაკონტროლდება. ევროპული რეგულაციით, ყოველი 4.5 საათის შემდეგ მძღოლმა მინიმუმ 45 წთ, ნახევარი საათი უნდა დაისვენოს და დღეს ამის შემოწმებას ვერ ვახერხებთ.
ტაქოგრაფიის სისტემის ამოქმედება საერთაშორისო გადამზიდავებსა და მძღოლებზე სავალდებულოა, თუმცა ადგილობრივზე არა. ეს აუცილებლად სავალდებულო იქნება და მძღოლის გადაღლილობის თავიდან აცილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“,- აღნიშნა ირაკლი იზორიამ.