ახალი ამბები

ივანე ჩხაიძე – საქართველოში წითელას ვაქცინაციასთან დაკავშირებით მძიმე მდგომარეობაა, 10 ათასი ბავშვია აუცრელი

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში წითელას ვაქცინაციასთან დაკავშირებით ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, ბავშვებში ინფიცირების მასშტაბი გაიზარდოს და გარდაცვალების შემთხვევაც იყოს.

მან მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას ბავშვების ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

„ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს მეორე ვაქცინით მოცვასთან დაკავშირებით, 78%-ია მეორე ვაქცინაციის მაჩვენებელი. ციფრობრივად, ეს არის ათიათასი აუცრელი ბავშვი ქვეყანაში. ანუ, 5 წლის ასაკის მოსახლეობაში 10 ათასი აუცრელი ბავშვია. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ამ ბავშვების მშობლებმა სწრაფად არ გაიაზრეს, თუ რა რისკი შეიძლება მოჰყვეს ამას, 10 ათასი არავაქცინირებული ბავშვი დაგვიბრუნდება მძიმე გართულებად, ენცეფალიტად, ფილტვების ანთებად. სერიოზული შემთხვევების რისკი ძალიან მაღალია“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე განმარტებით, თუ ადამიანს ჩუტყვავილა ან წითელა აქვს გადატანილი, მას ეს იმუნიტეტი მთელი ცხოვრება აქვს. ივანე ჩხაიძის რეკომენდაციაა, დროულად აცრან ის ბავშვები, ვინც წითელაზე ჯერ არ აცრილან.

გარდა ამისა, ჩხაიძემ ჩუტყვავილაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ იანვრიდან დაწყებული აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში 3118 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

„ჩვენ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში ჩუტყვავილას შემთხვევების მხრივ გვქონდა 2018 წელს. 10196 შემთხვევა დაფიქსირდა მაშინ, როდესაც სტანდარტულად, 3-4 ათასი შემთხვევა ფიქსირდებოდა. 2018 წელს იყო შემხვევების სერიოზული მატება. წინა წელს იყო სულ 2600 შემთხვევა ქვეყანაში, მაგრამ წელს გვაქვს ასევე აფეთქება. 4 თვეში, იანვრიდან დაწყებული აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში გვქონდა 3118 დადასტურებული შემთხვევა. შესაბამისად, თუ ეს ტენდენციაც გაგრძელდა, 2023 წელიც იქნება ამ მხრივ გამორჩეული და ალბათ, ათიათასამდე შემთხვევა გვექნება წლის განმავლობაში. 2018 წლის შემდეგ, წელს არის ისე პერიოდი, როდესაც შემთხვევების მკვეთრი მატება გვაქვს. 2-3-ჯერ მეტი, ვიდრე სხვა წლებში აღინიშნება“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისი განმარტებით, ჩუტყვავილა წითელასგან განსხვავებით, მიეკუთვნება იმ დაავადებების კატეგორიას, სადაც დაავადების მძიმე მიმდინარეობა იშვიათია.