ევროკავშირის 5 პირობა კვლავ შესასრულებელია – არასამთავრობოები
შემოდგომაზე ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულების მდგომარეობას შეაფასებს.
ამ შეფასების საფუძველზე ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრი ქვეყნის სტატუსის შესახებ. „ღია საზოგადოების ფონდის“ ლიდერობით, 8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოამზადა შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი, რომელიც ხელისუფლების მიერ 2023 წლის 15 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და არსებულ მდგომარეობას ასახავს.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, მოცემულ ეტაპზე სრულად შესრულებულია ერთი პირობა, დიდწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ხუთი პირობა. ამას გარდა, პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 31 მარტიდან 30 აპრილამდე საგრძნობი პროგრესი არ შეიმჩნევა.
სტატუსმეტრი ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების მოლოდინებს აერთიანებს. დოკუმენტში თავმოყრილია შემდეგი ორგანიზაციების შეფასებები: “ღია საზოგადოების ფონდი”, “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი”, “სასამართლოს გუშაგი”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”, “საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი”, “მმართველობის მონიტორინგის ცენტრი”, “საქართველოს რეფორმების ასოციაცია”, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” და “საფარი”.
ორგანიზაციების შეფასებით, შეუსრულებელია დეპოლარიზაციის პირობა. კერძოდ, ევროკავშირი მოითხოვს 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით გადაიჭრას პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის გზით.
ასევე შესასრულებელია დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნის პირობაც. ევროკავშირი ითხოვს ქვეყანამ მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021 წლის შემდგომი პერიოდისათვის, რომელიც დაეფუძნება ფართო, ინკლუზიურ და პარტიათა შორის წარმართულ საკონსულტაციო პროცესს. ამასთან, მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვი იყოს სრულებით, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი.
შესასრულებელია დეოლიგარქიზაციის შესახებ საქართველოსთვის წამოყენებული პირობაც. თითქმის ერთი წლის წინ განსაზღვრულ რეკომენდაციებში წერია, რომ დეოლიგარქიზაციის პირობისადმი ერთგულება, რაც უნდა მიღწეული იქნას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საშუალებით.
საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ დეოლიგარქიზაცია შეიძლება სხვა პრიორიტეტების შესრულებით იქნას მიღწეული. 8 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, ვენეციის კომისიამ კანონპროექტში მნიშვნელოვანი ხარვეზები დაინახა. კომისიის რეკომენდაციით, არსებულ კანონპროექტს, რომელიც პერსონალურ მიდგომას ეფუძნება, სისტემური ტიპის მიდგომა სჯობს.
შესასრულებელია დამოუკიდებელი მედიის პირობაც. ევროკავშირის თანახმად, უფრო ძლიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად. განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს. ამას გარდა, ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარების შემთხვევებზე.
ასევე შესასრულებელია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პირობაც. კერძოდ, ევროკავშირი აცხადებს, რომ უზრუნველყოფილ იქნას სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე.
განახლებული ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ ერთი რეკომენდაციაა შესრულებული, ორი – მეტწილად შესრულებული, ოთხი – ნაწილობრივ შესრულებული.
ანგარიშის თანახმად, შესრულებულია პირობა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულ გათვალისწინებაზე, მეტწილად შესრულდა რეკომენდაციები ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლასა და გენდერულ თანასწორობასა და ქალთა მიმართ ძალადობაზე. ნაწილობრივ შესრულებულად მიიჩნიეს პუნქტები საარჩევნო და ინსტიტუციურ რეფორმებზე, ანტიკორუფციულ ზომებზე, მოწყვლად ჯგუფებსა და დამოუკიდებელ სახალხო დამცველზე.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. გასული წლის ივნისში ევროკავშირმა, საქართველოსგან განსხვავებით, წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 პირობა უნდა შეასრულოს.