სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული 17-ვე პირი თავისუფალია
სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული 17 პირიდან, 17-ვე თავისუფალია.
აქედან, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აქციის ორ მონაწილეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. დანარჩენ 14-ის სასამართლო პროცესი კი, დაცვის მხარის მოთხოვნის საფუძველზე გადაიდო. როგორც ადვოკატები განმარტავდნენ, მათ ვერ შეძლეს საქმის მასალების და მტკიცებულებების დროულად გაცნობა. „ყვარლის ტბაზე“ დაკავებული 14 პირის საქმეზე გურჯაანის სასამართლო 19 ივნისს, 13:00 საათზე იმსჯელებს.
ცნობისთვის, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქცია გუშინ, დილიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქციაზე ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა, დააკავეს 17 პირი.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, მან პირობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ „წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად, დღეს ქორწილი აღარ ჩატარდება“.
მოგვიანებით, კიდევ ერთი აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა საგარეჯოს პოლიციის შენობასთან გამართეს და სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტუაცია აქაც დაიძაბა. დაკავებული იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და გიორგი ლომიძე. მათი საქმის განხილვა სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 28 მაისამდე გადადო.