ახალი ამბები

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ პოლიციაა მობილიზებული

კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ საპროტესტო აქცია იგეგმება. სასტუმროს მიმდებარე პერიმეტრს სამართალდამცავები იცავენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან. არსებული ინფორმაციით, აქციაზე მისვლას გეგმავენ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები როგორც კახეთიდან ისე თბილისიდან.

დილიდან სასტუმროსთან იმყოფება ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა მელია. მისი ინფორმაციით, სასტუმროს ადმინისტრაციამ დაუდასტურათ, რომ რუსი სტუმრები, მათ შორის, ლავროვის ქალიშვილიც, კომპლექსის ტერიტორიაზე არიან.

შეგახსენებთ,გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილი ეკატერინა ლავროვა, ქმართან, ალექსანდრ ვინოკუროვასთან ერთად ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ტბის” კომპლექსში იმყოფება, სადაც ეკატერინა ლავროვას მაზლის ქორწილია დაგეგმილი.

ეს ინფორმაცია უარყო სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ. თუმცა ადგილიდან ვრცელდება ფოტოები და ვიდეოები, სადაც კარგად ჩანან საქართველოში ჩამოსული რუსი სტუმრები.