ახალი ამბები

„ყვარლის ტბასთან“ ვითარება დაიძაბა – აქტივისტებმა სასტუმროდან გამოსულ მიკროავტობუსებს კვერცხები ესროლეს

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ტერიტორიაზე, სადაც აქცია იმართება, ვითარება დაიძაბა.

აქტივისტებმა სასტუმროდან გამოსულ მიკროავტობუსებს კვერცხები დაუშინეს შეძახილებით: „რუსების ადგილი საქართველოში არ არის“.

შეკრებილები მოითხოვენ, რომ რუსეთის მოქალაქეებმა სასტუმროს ტერიტორია დაუყოვნებლივ დატოვონ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება. არსებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება.

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.