ახალი ამბები

სოფელ აფენში, სკოლის მოსწავლეებმა ქვეითთა გადასასვლელი სამოტივაციო სლოგანებით მოხატეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის მე-2 საჯარო სკოლა მდებარეობს გზაჯვარედინის გვერდით, სადაც ავტომობილების ინტენსიური გადაადგილება ხდება. მასთან ახლოს, გზაგასაყარზე არის დიდი მოედანი, სადაც სისწრაფის მოყვარული მძღოლები ხშირად საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას და განსაკუთრებით მოსწავლეებს, რადგან სკოლის მიმდებარედ არ დგას საგზაო უსაფრთხოების ნიშნები.

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად,მე-2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „ლოგოსი“ წევრებს, გაუჩნდათ იდეა წვლილი შეეტანათ თემში საგზაო უსაფრთხოების პრობლემის მოგვარებაში და დახატეს ზებრა გადასასვლელი, შესაბამისი სლოგანებით.

„გვინდოდა წვლილი შეგვეტანა ჩვენს თემში საგზაო უსაფრთხოების პრობლემის მოგვარებაში, რათა ერთი მხრივ ჩვენს მოსწავლეებს შეძლებოდათ უსაფრთხოდ გადაადგილება და მეორე მხრივ, მძღოლები დაგვეფიქრებინა საგზაო უსაფრთხოებისა და ნელა სიარულის აუცილებლობაზე. ამას დაემთხვა USAD-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიერ გამოცხადებული კონკურსი ,,აღმოაჩინე საგზაო უსაფრთხოების დარღვევები შენს თემში და იზრუნე მათ მოგვარებაზე’’, – განაცხადა სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა გიორგი ბიბილაშვილმა.

გიორგის თქმით, მათი მთავარი მიზანი საზოგადოებაში საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა იყო.

„ჩვენი მიზანია საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, უსაფრთხოდ მოძრაობის კულტურის მნიშვნელობის გააზრების ხელშეწყობა, საგზაო ნიშნების განთავსებაზე შესაბამის უწყებებთან ადვოკატირების კამპანიის წარმოება, სკოლის წინ ზებრა გადასასვლელის დახატვა – ერთგვარი უსაფრთხო ხიდის შექმნა და ზედ საგზაო უსაფრთხოების სლოგანების დატანა.

გარდა საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვის გააზრებისა, მოსწავლეებმა მიიღეს ბევრად მეტი. ერთი მხრივ თავად შექმნეს ერთგვარი უსაფრთხოების ხიდი ქვეითთა გადასასვლელის სახით. მნიშვნელოვანი იყო პოლიციასთან გზის გადაკეტვის შეთანხმება, ასევე ის კომუნიკაცია, როდესაც მძღოლებს ვთხოვდით შემოვლითი გზით ესარგებლათ. სასიამოვნო ფაქტი იყო, როცა ამას მძღოლების აბსოლუტური უმრავლესობა გაგებით ეკიდებოდა. განსაკუთრებით სასიამოვნო და ამაღელვებელია ის ფაქტი, რომ კლუბის ამ აქტივობას ადგილობრივი ბიზნესიც გამოეხმაურა. ადგილობრივმა სარემონტო მასალების მაღაზიამ უსასყიდლოდ გადმოგვცა ქვეითთა გადასასვლელის მოხატვისთვის საჭირო მასალები. სწორედ აქედან გამომდინარე, მოსწავლეებში ხელი შეეწყო: პრობლემის მოგვარების, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების, კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის, თანამშრომლობითი უნარების, ღირებულებებისა და ფასეულობების განვითარებას”, – განაცხადა გიორგიმ.

პედაგოგის თქმით, განხორციელებულმა აქტივობამ დიდი მოწონება დაიმსახურა სასკოლო საზოგადოებაში, თემში, სოციალურ ქსელებში, იგი ერთ-ერთ საუკეთესო საკლუბო აქტივობად დასახელდა სამოქალაქო განათლების პედაგოთა ფორუმის მიერ ორგანიზებულ დასკვნით ღონისძიებაზე.

ზებრა გადასასვლელმა კი მასზე დატანილი სლოგანებით, გაიმარჯვა USAID-ის სამოქალაქო განათლების მიერ გამოცხადებულ საგზაო უსაფრთხოების კონკურსში, როგორც საუკეთესო სლოგანი.

ჩვენს მიერ დახატული ზებრა გადასასვლელი მოწოდებაა ყველა მძღოლის და ქვეითის მიმართ დაიცვან და გაუფრთხილდნენ ყველაზე ღირებულს, ადამიანის სიცოცხლეს“,-ამბობს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.