ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო 2023 წელს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო 2023 წელს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში საელჩო აღნიშნავს, აშშ-მა და საქართველომ ერთობლივად გადაწყვიტა, რომ რესურსები ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე ყოფილუყო მიმართული.

„შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული. 2023 წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივი სამხედრო აქტივობების ფართო სპექტრის განხორციელებას აგრძელებს. წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივად ორიენტირებული არიან, რომ მაქსიმალურად გაზარდონ ურთიერთსასარგებლო სწავლებები საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე: Agile Spirit და „ღირსეული პარტნიორი” და მათ წარსულ წარმატებაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად ეფექტიანად გავაძლიეროთ საქართველოს ურთიერთთავსებადობა, მედეგობა და თავდაცვისუნარიანობა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გუშინ აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლება “დამცველი 2023”-ში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის საკითხის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

როგორც უწყება “დამცველი 2023”-ში საქართველოს არ მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებზე განმარტავს, თავდაცვის ძალების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური კომუნიკაციითა და მათი რეკომენდაციით გადაწყდა, მეტი ძალისხმევა და რესურსები მიმართულიყო ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ სწავლებებზე, რომლებიც უფრო მეტად ითვალისწინებენ საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას.