გაიცანით 26 წლის ხელოვანი მირანდა ბასილიძე ლაგოდეხიდან
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კავშირში მცხოვრები 26 წლის მირანდა ბასილიძე რამდენიმე წელია ეპოქსიდისგან სხვადასხვა სახის ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს.
მან აღნიშნული საქმიანობა ინტერნეტის დახმარებით შეისწავლა, შემდეგ ამ მიმართულებით ცოდნა გაიღრმავა და ხელნაკეთი ნივთების და სუვენირების დამზადება და რეალიზაცია დაიწყო.
,,დავამთავრე ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლა. შემდეგ ვისწავლე კოლეჯ “აისში” საოფისე საქმე. მყავს 2 შვილი. შემთხვევით ინტერნეტში ვნახე როგორ ამზადებდნენ ეპოქსიდის ნაკეთობებს და სურვილი გამიჩდა, რომ მეც დამეწყო მსგავსი საქმიანობა. ჯერ დავიწყე ყველანაირი ინფორმაციის შეგროვება აღნიშნულ საქმიანობაზე.
შემდეგ ერთმა ძალიან კარგმა გოგონამ, რომელიც ამ სფეროშია, ეპოქსიდზე მუშაობა მასწავლა. ამის შემდეგვიყიდე ყველანაირი მასალა, რაც საქმის დაწყებაში დამეხმარებოდა და ვიფიქრე, თუ არ გაამართლა, ჩემთვის მაინც დავამზადებ ნივთებს-მეთქი.
მოგეხსენებათ, მასალა ძვირი ღირს, სჭირდება ძალიან ბევრი წვრილმანი და ეს ფასზეც აისახება. ჩემი პირველი ნაკეთობები იყო საახალწლო სათამაშოები და ნაძვისხის აქსესუარები_ ვარსკვლავი, ანგელოზები, ირმები, ზარები და ა.შ.
ნამუშევრებმა გამოიწვია ძალიან დიდი ინტერესი, რადგან მუნიციპალიტეტში მსგავს აქსესუარებს არავინ ამზადებდა. მივიღე ბევრი შეკვეთა, რაც ძალიან მახარებდა და ისე შევეჩვიე ამ საქმიანობას, რომ მინდოდა მთელი დღე ამით დავკავებულიყავი. ორი შვილი მყავს, ამიტომ დღის მანძილზე ვერ ვახერხებ მუშაობას და ბავშვებს რომ ვაძინებ, მაშინ ვიწყებ ნივთების კეთებას’’,- განუცხადა Knews.ge-ს მირანდა ბასილიძემ.
ახალგაზრდა ამბობს, რომ საახალწლო აქსესუარების დამზადების შემდეგ გადაწყვიტა საქმიანობა არ შეეჩერებინა და სხვადასხვა ნივთების დამზადება დაიწყო, რამაც მის ნამუშევრებზე მეტი მოთხოვნა გააჩინა.
,,საახალწლო აქსესუარების კეთება რომ დავამთავრე, გადავწყვიტე არ დამენებებინა თავი ხელსაქმისთვის და შევქმენი ჩემი ლოგო, რომელზეც ყოველთვის ვვოცნებობდი.
ჩემს აქსესუარებს შევურჩიე სახელი ,”მირა” და ვიფიქრე დავამზადებდი სხვადასხვა ნივთებს და აქსესუარებს როგორიცაა: კალმები, საკიდები, თმისსამაგრები, გულსაკიდები, ბლოკნოტები, სუვერინები, ბეჭდები, თმის ჩხირები, საათები და სხვა. საახალწლო აქსესუარებმა უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია და შედარებით ბევრი მეყიდებოდა.
ამ აქსესუარების შეკვეთებიც მაქვს, მაგრამ მჭირდება უფრო დიდი არეალი. ჯერ ვერ გავაკეთე ონლაინ გვერდი, სადაც განვათავსებ ჩემს ნამუშევრებს. ამჟამად მარტო პირად გვერდზე ვდებ ხოლმე დამზადებულ ნივთებს. რამდენიმე დღის წინ დამირეკეს და შემომთავაზეს, რომ მიმეღო მონაწილეობა გამოფენაში, მეც დავთანხმდი, რადგან ბევრი ხალხი შეიტყობს ჩემი საქმიანობის შესახებ და ვფიქრობ მსგავსი გამოფენები უფრო დამეხმარება გაყიდვებში’’,- აღნიშნავს მირანდა.
მირანდას თქმით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში აღნიშნული მიმართულებით არავინ მუშაობს, ამიტომ შეკვეთები ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ბევრია.
,,ძირითადად თმის აქსესუარებზე, კალმებზე და ბრელოკებზე მაქვს შეკვეთები. მასალებს ონლაინ ვყიდულობ. საქართველოში არის ონლაინ მაღაზია და ყველა საჭირო ნივთი იყიდება. შესაბამისად, ძვირია ყველაფერი და ვცდილობ რაღაც შუალედი ვნახო და მისაღებ ფასებში გავყიდო ჩემი ნამუშევრები. მომავალშიც გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას, რადგან მასზე მუშაობით ვმშვიდდები და ვისვენებ.’’