ჯოზეფ ბორელი – საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, თუმცა სჭირდება მეტი რეფორმები
ჩვენ მოვუწოდეთ მინისტრ დარჩიაშვილს, რომ გაგზავნოს პოზიტიური სიგნალი წევრი ქვეყნების მიმართ პრიორიტეტული საკითხების შესრულების კუთხით,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, რა დროსაც განიხილეს საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა ევროინტეგრაციის კუთხით და ამავდროულად დემოკრატიის გაძლიერების საჭიროება.
„ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და განვიხილეთ ისტორიული შესაძლებლობა საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით, რაც ასევე საჭიროებს დემოკრატიის გაძლიერებას. ჩვენ ვადასტურებთ, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, თუმცა სჭირდება მეტი რეფორმები, რადგან წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება და ჩვენ მოვუწოდეთ მინისტრ დარჩიაშვილს, რომ გაგზავნოს პოზიტიური სიგნალი წევრი ქვეყნების მიმართ პრიორიტეტული საკითხების შესრულების კუთხით“, – განაცხადა ბორელმა.