ახალი ამბები

უნდა ხდებოდეს თუ არა რთველის სუბსიდირება და რა არის მისი მიზანი?

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მთავრობის მიერ რთველის სუბსიდირებას ყურძნის ჭარბ მოსავალს უკავშირებს.

როგორც მინისტრმა განაცხადა, სუბსიდირების შეწყვეტაზე მთავრობამ ეტაპობრივად უნდა იფიქროს.

„რაც შეეხება რთველს და სუბსიდირებას, ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ამ თემაზე, სუბსიდია ცუდია თუ კარგია. მოდით, რეალობას შევხედოთ მეგობრებო თვალებში, ჩვენ გვაქვს ყურძნის ჭარბი წარმოება, კონკრეტულად რქაწითელის და რა თქმა უნდა, ვერ დავტოვებთ ჩვენს ფერმერებს, მევენახეებს მხარდაჭერის გარეშე. ყურძნის ეს ჭარბი რაოდენობა უნდა გადამუშავდეს, ჩვენმა მევენახეებმა უნდა მიიღონ სათანადო შემოსავალი და ამიტომაც ვართ ჩართული. აქ მთავარი მიზანია, რომ ჩვენი ღვინის რეალიზაცია მაქსიმალურად გავზარდოთ. ვფიქრობ, მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ყოველწლიურად გაიზარდოს ექსპორტი. თუ გვექნება მაღალი რეალიზაცია, რა თქმა უნდა, გვექნება საშუალება რომ ამ სუბსიდიიდან სრულად გამოვიდეთ, ეს იქნება თავისთავად სწორი, ბაზარმა უნდა არეგულიროს ეს პროცესი და ჩვენი მონაწილეობა აქ არის ამ კუთხით მნიშვნელოვანი, რომ ხარისხზე ვიზრუნოთ და იმაზე, რომ შევძლოთ ჭარბი ყურძნის მოსავალი ღვინოდ გადამუშავდეს და გაიყიდოს. თუ ის პროგრესი, რომელიც ექსპორტის მიმართულებით გვაქვს გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მივიღებთ გადაწყვეტილებას სუბსიდიის პროგრამასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაგრძელდება ის“,– განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მთავრობის მხრიდან რთველის სუბსიდირება წლებია გრძელდება. ჯამში ბიუჯეტს 2022 წლის რთველის სუბსიდირება 100 მლნ ლარი დაუჯდა. მთავრობამ რთველი 2021 წელსაც დაასუბსიდირა, რაზეც 138 მილიონი ლარი დახარჯა. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული, რთველის სუბსიდირების პროცესში მთელი რიგი კორუფციული პრობლემები გამოიკვეთა. კერძოდ, უპირატესობა ენიჭებათ მმართველი პარტიის შემწირველ და მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირში მყოფ კომპანიებს.