„ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურს, მალხაზ პაქსაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურს, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
როგორც სხდომის დასრულების შემდგომ პროკურორმა მაია სილაგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ბრალდებულის მიმართ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საფუძველი, ვინაიდან მისი მხრიდან არსებობდა დამალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და ასევე, გამოძიებისთვის ხელისშეშლის საფრთხე.
მისივე განმარტებით, ბრალდებული მალხაზ პაქსაშვილი დანაშაულს არ აღიარებს.
სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა, ვინაიდან საქმეს გრიფი „საიდუმლო” ადევს.
„რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, საქმეზე არის გრიფი „საიდუმლო”. მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ჩადენილ დანაშაულს ის არ აღიარებს. საქმეზე არის გრიფი „საიდუმლო” და საქმის შინაარსობრივ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ რამდენიმე წელია ის საქართველოში იმყოფება და მას შემდგომ, რას მოპოვებულ იქნა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ბრალდებული გაერთიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოში” და მონაწილეობდა მის მიერ წარმოებულ სხვადასხვა ოპერაციებში, ბრალდების მხარემ მიმართ სასამართლოს შუამდგომლობით, გაცემულიყო განჩინება მისი დაკავების შესახებ და მოხდა მისი დაკავება”,- განაცხადა მაია სილაგაძემ.
მისივე თქმით, სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციაში სხვადასხვა პირების გაერთიანების ფაქტზე და ამ გამოძიების ფარგლებში თავის დროზე სხვა პირებიც იდენტიფიცირდნენ, ამ ეტაპზე კი, იდენტიფიცირებულია მალხაზ პაქსაშვილი.
როგორც პროკურორმა განმარტა, ბრალდებულს ადვოკატი არ ჰყავს, ვინაიდან დაცვაზე უარს თავად აცხადებს.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.
„2013-2015 წლებში იგი ე.წ. „სამხედრო ემირების“, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში. დაკავებულს მჭიდრო კავშირი ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან და აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დაჯგუფების ე.წ. „ნაიბის“ პოზიციას იკავებდა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმთან. საქართველო რჩება საერთაშორისო კონტრტერორისტული სისტემის ერთ-ერთ აქტიურ წევრად და საიმედო პარტნიორად“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.