ახალი ამბები

გიორგი ანწუხელიძისთვის ბიუსტის დასადგმელად მოქალაქეებმა 27 ათასამდე ლარი შეაგროვეს

საქართველოს ეროვნულ გმირს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში წამებით მოკლულ გიორგი ანწუხელიძეს, მშობლიურ სოფელში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, ბიუსტს დაუდგამენ. საჭირო ფინანსები მოქალაქეებმა შეაგროვეს.

თუშეთის განვითარების ფონდის ინფორმაციით, შემოწირულებების მიღება დასრულდა და ერთი თვის განმავლობაში იმაზე მეტი თანხა შეგროვდა, ვიდრე ბიუსტის დამზადებისთვის არის საჭირო.

,,გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი დაიდგმება მისივე სოფელ ქვემო ალვანში და ეს საზოგადოების დახმარებით გახდება შესაძლებელი. შემოწირულობების მიღება დასრულდა. ერთი თვის განმავლობაში იმაზე მეტი თანხა შეგროვდა, ვიდრე ბიუსტის დამზადებისთვის არის საჭირო. კონკრეტულად, ბიუსტის დამზადება და დადგმა ჯდება 15,360 ლარი, ხოლო შეგროვდა 13,097 ლარი, 4,290 ევრო და 850 დოლარი. დარჩენილი თანხა მოხმარდება გიორგის სოფელშივე მდებარე მისი სახელობის სპორტულ დარბაზს და ასევე გიორგის სახელობის ყოველწლიურ კვირეულს. ამ საკითხებზე კონკრეტულ დეტალებს მოგვიანებით გავავრცელებთ.
უღრმესი მადლობა ყველას, ვინც შემოწირულობა გაიღო. მოქანდაკესთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სამუშაოები დაწყებულია, ბიუსტზე მუშაობა უკვე დაიწყო თუშმა მოქანდაკე ბადრი თავბერიძემ”,-
წერია ფონდის განცხადებაში.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში საოკუპაციო ძალებმა ცხინვალში წამებით მოკლეს. ანწუხელიძის ცხედრის გადმოსვენება 2008 წლის ნოემბერში მოხერხდა. მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები კი ინტერნეტში 2009 წელს გავრცელდა. სიკვდილის შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.