ახალი ამბები

სკოლაში შესვლა 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ ბავშვებსაც შეეძლებათ – მთავრობის გადაწყვეტილება

სკოლაში შესვლა 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ ბავშვებს შეეძლებათ, – ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, მშობელს შეეძლება ბავშვი შეიყვანოს სკოლაში, ან დატოვოს ბაღში, სურვილის შესაბამისად.

„სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად, ჩვენ უკვე შესაძლებლობა გვაქვს, სკოლაში რეგისტრაციის გაზრდილ მოთხოვნას ვუპასუხოთ. გადავწყვიტეთ, რომ წელს ვინც დაბადებულია და შეუსრულდება 6 წელი პირველ ნოემბრამდე, უფლება ექნება შევიდეს სასკოლო განათლებაში.

აქამდე ეს დაშვებული იყო 1-ელ ოქტომბრამდე და ვადას ვახანგრძლივებთ. პროცესი ინფრასტრუქტურულ პროცესებთან ერთად გაგრძელდსება, ყოველწლიურად გავზრდით ამ ვადას და ვფიქრობთ, სამართლიანი გზაგასაყარია 31 დეკემბერი. ეს საკითხი მშობლებისთვის არის ნებაყოფლობითი, თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ შეიყვანონ სკოლაში, თუ დატოვონ ბაღში“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, ცვლილება შედის ზოგადი განათლების შესახებ კანონში და პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება.