ახალი ამბები

პენსიონერები, სოციალურად დაუცველები და შშმ პირები თელავის მუნიციპალური ტრანსპორტის შეღავათებით ვერ სარგებლობენ

პენსიონერები, შშმ პირები, სოციალურად დაუცველები და ის პირები, რომლებმაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის დროს შეღავათები ეხებათ, ამ დროისთვის ვერ სარგებლობენ.

როგორც მოქალაქეები Knews.ge-სთან აცხადებენ, შესაბამისი ბარათები არ აქვთ, რადგან როგორც მათ ეუბნებიან, ისინი ამ დროისთვის დამზადებული არ არის. მათი განმარტებით, შეღავათებით მოსარგებლე პირების უმეტესობა გადაადგილებისას საშეღავათო თანხის, 40 თეთრის ნაცვლად, სრულ გადასახადს 70 თეთრს იხდიან. მათი ნაწილი კი სამგზავრო და საბანკო ბარათის უქონლობის გამო ტრანსპორტით ვერ გადაადგილდება.

როგორც აღნიშნულ საკითხზე Knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნულ საკითხზე განუცხადეს, შეფერხება მონაცემდა ბაზების გამოთხოვასთან დაკავშირებით შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ ბაზები მერიას სოციალური სამსახურიდან ჰქონდა გამოთხოვილი.

,,მონაცემთა ბაზების გამოთხოვასთან დაკავშირებით შეგვექმნა შეფერხება, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული პერსონიფიცირებული ბარათების დამზადებასთან, აქტიურად ვმუშაობთ პრობლემის აღმოფხვრაზე და უახლოეს მომავალში მოგვარდება. მოქალაქეებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ მერის წარმომადგენლების ტერიტორიულ ოფისებში და ბარათი დღემდე არ მიუღიათ, შეუძლიათ შეუფერხებლად იმგზავრონ”,- განუცხადეს Knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.

15 აპრილიდან, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ფასიანი გახდა და 0.70 ლარი ეღირება. ამუშავდა ე.წ. კონტროლირების სისტემაც. ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები, ხოლო შეღავათიანი ტარიფით, 40 თეთრად, ისარგებლებენ შემდეგი სტატუსის მქონე პირები:

პენსიონერები;
იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები;
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;
სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;
სოციალურად დაუცველ მარჩენალდაკარგული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;
სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;
ა(ა)იპ „თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“ ბენეფიციარები;
თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები.
ამ კატეგორიის მგზავრებისთვის გადახდის სპეციალური ბარათები გაიცემა უფასოდ, სხვა შემთხვევაში ბარათის ღირებულება 2 ლარია.

მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, TBC-ის ნებისმიერი ბარათით და ციფრული საფულის მეშვეობით, ასევე თელავის სატრანსპორტო კომპანიის ბარათით. თელავს მუნიციპალური ტრანსპორტი 2021 წლის თებერვლიდან ემსახურება, თუმცა მგზავრობა ამ დრომდე უფასო იყო. მერიას და შესაბამის სამსახურებს ორი წელი დასჭირდათ გადახდის სისტემების დასანერგად და ასამუშავებლად. თელავს და ქალაქთან ახლოს მდებარე რამდენიმე სოფელს 10 ავტობუსი ემსახურება. თელავი კახეთში ჯერჯერობით ერთადერთი ქალაქია, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობს.