ახალი ამბები

სახელმწიფო იმ შენობების დემონტაჟს გეგმავს, რომელიც გარემოს ამახინჯებს და ჯანმრთელობისთვის საშიშია

სახელმწიფო იმ შენობების დემონტაჟს გეგმავს, რომელიც გარემოს ამახინჯებს და ჯანმრთელობისთვის საშიშია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 5 მლნ ლარის შესყიდვა უკვე გამოაცხადა. შესყიდვის თანახმად, ჩასატარებელი ღონისიძიება მოიცავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ შენობა-ნაგებობების, რომლებიც ამახინჯებს გარემოს ან/და სიცოცხლის/ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია, დემონტაჟისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებულია ძველი, ძირითადად, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის არსებობის პერიოდში აშენებული და დღეისათვის სრულად უფუნქციო შენობა-ნაგებობები, რომლებიც დროთა განმავლობაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიღებული დაზიანებებისა და სიძველის გამო, ამახინჯებს გარემოს იერსახეს და საფრთხის შემცველია სიცოცხლისთვის/ჯანმრთელობისთვის.

დამატებით გასათვალისწინებელია, რომ სტიქიური მოვლენები, რომელთა წინასწარი განსაზღვრა შეუძლებელია, მნიშვნელოვნად აუარესებენ აღნიშნული შენობა-ნაგებობის მდგომარეობას და კრიტიკულად ზემოქმედებენ მათზე, როგორც საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველ ობიექტებზე. შესაბამისად, შენობა-ნაგებობების მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, საინჟინრო/საექსპერტო დასკვნის და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე საჭიროა განხორციელდეს მათი სადემონტაჟო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა,“- ვკითხულობთ შესყიდვის განაცხადში.