ახალი ამბები

ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, სავარაუდოდ, 2024 წლიდან ამოქმედდება

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, სავარაუდოდ, 2024 წლიდან ამოქმედდება.

სამსახურის უფროსის დავით ონოფრიშვილის განცხადებით, “ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის” განახლებულ პროექტზე ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა.

მისი თქმით, პროექტი მთავრობას დასამტკიცებლად რამდენიმე კვირაში წარედგინება და მოსალოდნელია, რომ კანონპროექტის მიღება მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე მოესწრება. ონოფრიშვილის განცხადებით, აღნიშნული ტიპის დაზღვევის სავალდებულო წესით შემოღება სადაზღვევო ბაზრის განვითარებას ხელს შეუწყობს.

„ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად საბოლოო ვარიანტზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, 2-3 კვირაში პროექტზე მუშაობა დასრულდება და მალევე წარედგინება მთავრობას და პარლამენტს განსახილველად. ვიმედოვნებთ, რომ მისი მიღება საგაზაფხულო სესიაზე მოესწრება, ამუშავება სამსჯელო საკითხია და სავარაუდოდ, 2024 წლიდან ამოქმედდება. მსგავსი ტიპის დაზღვევის სავალდებულო წესით შემოღება სადაზღვევო ბაზრის და სადაზღვევო ურთიერთობების განვითარებას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

ცნობისთვის, სადაზღვევო ინდუსტრია ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონის მიღებას რამდენიმე წელია ელოდება. შესაბამისი კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მისი განხილვები შეჩერდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ გადამუშავდება პროექტი და რა ეღირება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებისთვის სადაზღვევო პაკეტი.